ახალი ამბებიეკონომიკა

საწვავი და ზოგიერთი ბრენდის თამბაქო ისევ გაძვირდა

9 თებერვალი, 2017 • 4923
საწვავი და ზოგიერთი ბრენდის თამბაქო ისევ გაძვირდა

თებერვალში საქართველოში თამბაქოს გარკვეული ბრენდების და საწვავის ფასი გაიზარდა.

როგორც ნეტგაზეთს თამბაქოს გმაყიდველ ჯიხურებში განუცხადეს, ფასის მატება შეეხო “გალუაზის” პროდუქციას, რომელიც ამ კვირაში 30 თეთრით გაძვირდა და 3.30 ლარი ღირს. გაძვირებულ ბრენდებს შორისაა “ვინსტონის” პროდუქციაც. თამბაქოს ჯიხურებში ამბობენ, რომ ამ ბრენდის სიგარეტის ფასმა 20 თეთრით მოიმატა და 3.8 ლარი ღირს. წლის განმავლობაში თამბაქოს პროდუქციის ფასმა რამდენჯერმე მოიმატა.

1 იანვრის შემდეგ თამბაქოს ფასმა 30-50 თეთრით იმატა სხვადასხვა ბრენდის თამბაქოს პროდუქტებზე. აქციზის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე პირველი იანვრიდან გაიზარდა, თუმცა პროდუქციამ გაძვირება ახალ წლამდე დაიწყო. თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის ფასის მომატებამდე რამდენიმე კვირით ადრე (14 დეკემბრის მონაცემები) “სობრანიეს”, “ვინსტონის”, “კენტის”, “ქემელისა” და “მალბოროს” ბრენდის სიგარეტზე ფასმა 20 თეთრით მოიმატა.

თებერვლის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოიმატა საწვავის ფასმაც. მაგალითისთვის, “გალფის” 1 ლიტრი ბენზინი “ევრო რეგულარი” დღეს, 9 თებერვალს, ბენზინგასამართ სადგურებში 2,16 ლარი ღირდა, როცა პირველ თებერვალს იმავე ბრენდის “ევრო რეგულარი” 1 ლიტრი  2,09 ლარი ღირდა. 27 იანვარს კი ვისოლის “ევრო რეგულარი” 1,99 ლარი ღირდა.

6 თეთრითაა გაზრდილი კომპანია “გალფის” “ევრო რეგულარიც”. 29 იანვარს  “გალფის 1 ლიტრი “ევრო რეგულარის” ფასი 2,09 ლარი იყო, დღეს კი 2,15 ლარი ღირს.  ფასები მომატებულია სხვა დასახელების საწვავზეც.  წლის განმავლობაში გალფის “ევრო რეგულარი” ყველაზე იაფი 4 იანვარს 1,84 ლარი ღირდა, რის შემდეგაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 

თამბაქოსა და საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდა მთავრობის ეკონომიკურ ინიციატივებს შორისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი