ახალი ამბები

სალაძე: რაიმე ახალი დოკუმენტი დღეს ვასილ მაღლაფერიძეს არ წარმოუდგენია საბჭოსთვის

9 თებერვალი, 2017 • 2267
სალაძე: რაიმე ახალი დოკუმენტი დღეს ვასილ მაღლაფერიძეს არ წარმოუდგენია საბჭოსთვის

“დღეს რაიმე ახალი, ცალკე დოკუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრაზე. იმავე დოკუმენტზე იყო საუბარი, რაც პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგნილი რამდენიმე დღის წინ მედიისთვის”, – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძესთან საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სალაძის თქმით, ძირითადად საუბარი ეხებოდა იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც ამ დოკუმენტის პირველ ნაწილს უკავშირდება.

“როდესაც მე გამოვედი ამ შეხვედრიდან, ჯერ კიდევ არ იყო გადასული შეხვედრა იმ ნაწილში, რომელიც უკვე დაკავშირებულია ხედვასთან, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები. მე შევთავაზე შეხვედრის მონაწილეებს, რომ იქნებ ხვალისთვის გაგვეგრძელებინა, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ახლა ინდივიდუალურულად განსაზღვურლი რეგლამენტი ამ შეხვედრებისთვის და, ცხადია, არც დროში ვართ შეზღუდულები. პირიქით, გარკვეული საკითხები დიდ დროსა და მსჯელობას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, სწორედაც რომ ჩვენ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ”, – განაცხადა სალაძემ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მეტი ყურადღება გამახვილდა საზოგადობრივი მაუწყებლის კონტექსტში რეიტინგთან დაკავშირებულ თემებზე.

“მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ რეიტინგი არ არის გადამწყვეტი და აუცილებელი ელემენტი. ცხადია, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ერთადერთი კრიტერიუმი. ყველაზე მეტი დროც ამ თემის ირგვლივ იყო, როდესაც მსჯელობა მიდიოდა ამ შეხვედრაზე. დანარჩენს, ალბათ, ვიდეოჩანაწერიდანაც ნახავთ”, – განაცხადა სალაძემ.

სალაძის თქმით, გადაცემების შეჩერების საკითხამდე დღეს არ მისულან.

“როგორც გითხარით, საუბარი იყო, ძირითადად, რა პრობლემებია მაუწყებლის წინაშე, მაგრამ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები, რომელიც არის მეორე ნაწილი ამ დოკუმენტის, ამაზე ჯერ არ დაწყებულა საუბარი. მე შევთავაზე, რომ ამაზე საუბარი გავაგრძელოთ ხვალისთვის, ვინაიდან შეუძლებლია, 4-5 საათი და მეტი ჩვენ გადავაბათ [შეხვედრა] და ასე ვიმუშაოთ. არ ვიცი, თუ გაითვალისწინებენ კოლეგები და მენეჯმენტის წარმომადგენლები, ხვალ გაგრძელდება შუადღის შემდეგ საუბარი”, – განაცხადა სალაძემ.

სამეურვეო საბჭოსთან გენერალური დირექტორის შეხვედრამდე, არხის ახალმა მენეჯმენტმა მედიას წარუდგინა მათ მიერ მომზადებული ე.წ. ხედვა, რომელიც ითვალისწინებს ერთი წლის მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა გადაცემის დახურვას “მოამბის” გარდა, ამის სანაცვლოდ კი, ერთ წელიწადში მაუწყებლის ახალი შენობის და 9 რეგიონული ოფისის მოწყობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი