ახალი ამბებიკომენტარი

ზვიად ქორიძე: ხელაღებით მოვწყვიტოთ საზმაუს მოქალაქეები, დანაშაულებრივი პროექტია

9 თებერვალი, 2017 •
ზვიად ქორიძე: ხელაღებით მოვწყვიტოთ საზმაუს მოქალაქეები, დანაშაულებრივი პროექტია

რატომ იწვევს კრიტიკას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი ხედვა, რომელიც ერთი წლის მანძილზე ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს? რა საფრთხეს შეიცავს ეს გადაწყვეტილება და არსებობს თუ არა ალტერნატიული შესაძლებლობები არხის ტექნიკური გადაიაღარებისთვის, რაც ახალი მენეჯმენტის ცნობით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს.

კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ განახლება აუცილებელია, თუმცა მენეჯმენტს აქვს პრობლემის გადაჭრის რადიკალური გზა არჩეული, რომელიც თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებასა და გადაცემების შეჩერების ითვალისწინებს. არის ეს პრობლემის გადაჭრის მისაღები გზა?

ლეგიტიმური მოლოდინია ის, რომ შეიცვალა ხელმძღვანელობა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მისგან ველოდებით სიახლეებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლების დათხოვნაზე და პროგრამების დახურვაზე, ეს არ შეიძლება შევაფასოთ, როგორც გეგმა. მეეჭვება, რომ მენეჯმენტის რომელიმე სახელმძღვანელოში შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ ოპტიმიზაციის ან ნებისმიერი რეფორმირების ფორმა შეიძლება იყოს ორგანიზაციიდან ყველაზე მთავარი პროდუქტის მწარმოებელი ჯგუფების დათხოვნა და ზოგადად პროდუქტის მოსპობა. მაშინ რის რეფორმირებას ვახდენთ, თუ ის პროდუქტი, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია არსებობს, აღარ უნდა იწარმოებოდეს?!

 

თქვენი აზრით, რატომ ფიქრობს არხის ახალი მენეჯმენტი, რომ გადაცემების შეჩერებით საზოგადოებრივი მაუწყებელი შესაძლოა განვითარდეს? ჩვენ ვნახეთ, რომ ნინო ზაუტაშვილის, სალომე ასათიანის და გოგი გვახარიას გადაცემების შეჩერებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

მე არ მაქვს განცდა, რომ საზოგადოებრივი პროტესტი არსებობს ცალკეული გადაცემების მიმართ. ზოგადად, მიდგომის მიმართ არსებობს პროტესტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირება მოხდეს ყველა გადაცემის დახურვის ხარჯზე. რა თქმა უნდა, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ გარკვეული პროგრამები არ ვარგა, ან აქვს მოფიქრებული უკეთესი პროგრამები და უნდა მისი ეთერში გაშვება, ხოლო მისთვის პრობლემას წარმოადგენს ფინანსური სახსრები და სთავაზობს სამეურვეო საბჭოსაც და საზოგადოებასაც, რომ მე ამ გადაცემებს დავხურავ და სანაცვლოდ შემოგთავაზებთ ამ პროექტს, ეს იქნება ჩემთვის გასაგები მიდგომა. ეს იქნება მენეჯმენტის სწრაფვა იმისთვის, რომ საეთერო ბადე გახდეს უფრო უკეთესი, მიმზიდველი და რაც შეიძლება მეტი მაყურებელი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ამქარში.

თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა ოპტიმიზაციაზე, ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვაზე. დახურვა არ შეიძლება იყოს ოპტიმიზაცია. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ “მოამბე” დარჩება და სხვა ყველაფერი შეჩერდება, ეს უკვე დახურვაა. დღეს “მოამბის” მიმართაც აქვს პრეტენზიები მენეჯმენტს და მიაჩნიათ, რომ “მოამბეც” კი თავისი შემადგენლობით არაკონკურენტულუნაირიანია იმიტომ, რომ არაკონკურენტული თანამშრომლები ჰყავს. ეს იმას ნიშვნავს, რომ მთელი ეს სატელევიზიო პროდუქტი არის დღევანდელი მენეჯმენტისთვის მიუღებელი. ბუნებრივია, ისმის კითხვა – თუ ეს ყველაფერი არის მიუღებელი, მაშინ რა არის მისთვის მისაღები, ის თქვას. როდესაც იტყვის, თუ რა არის მისაღები, მერე გაცილებით ადვილი იქნება ვისაუბროთ იმ გეგმებზე და იმ ტექნოლოგიებზე, რომლითაც შეიძლება ეს გეგმები განხორციელდეს.

 

თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაიარაღდეს ტექნიკურად არხი ისე, რომ არ მოხდეს თანამშრომელთა გათავისუფლება? თქვენ როგორი ხედვა გაქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების?

უფრო თამამად მოვყვებოდი ჩემს ხედვებს, თუ ვიქნებოდი დირექტორობის კანდიდატი და სამეურვეო საბჭო ჩემზე შეაჩერებდა ყურადღებას. დღეს ვისზეც არის შეჩერებული ეს ყურადღება, ვინც აირჩია სამეურვეო საბჭომ, მან უნდა წარმოადგინოს სწორედაც ეს ხედვა. ხედვა არ შეიძლება იყოს დახურვა. ხედვა არის ის, თუ როგორ უნდა გახდეს პროდუქტები, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს დღეს ან მომავალში, უფრო მეტად ყურებადი, გავლენიანი და საინტერესო, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოქალაქეების ინფორმირებას. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანა. ეს ხედვა უნდა დადოს დირექტორმა.

მეეჭვება, რომ შეჩრებულმა პროგრამებმა და დახურულმა არხმა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. თუ საზოგადოების ინფორმირებას ვერ ახდენს ტელევიზია, მაშინ, ბუნებრივია, ეს ტელევიზია ვერ ასრულებს თავის მნიშვნელოვან ფუნქციებს, მათ შორის, კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს. ეს არის ახლა ამოცანა. თუ იმაზეა საუბარი, როგორ ვხედავ ამას, არა მგონია, რომ საინტერესო იყოს მკითხველისთვის.

 

რატომ? საინტერესოა…

თუ საინტერესოა, მაშინ რა სტატუსით გინდათ, რომ მე ეს თქვენ მოგიყვეთ. როგორც რიგით ადამიანს, მე როგორ წარმომიდგენია საზოგადოებრივი მაუწყებელი? კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩემთვის არის მიუკერძოებელი ინფორმაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩემთვის არის პირუთვნელი და მიუკერძოებელი ჟურნალისტური გამოძება და არა ისეთი, რომელიც ნებართვას იღებს გენერალური დირექტორისგან. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ბევრი შემეცნებითი პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც არის კარგად და გემოვნებით მომზადებული, არის ძალიან კარგად რეპრეზენტირებული ეთერში და ეს ეთერი არის ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა ისე, როგორც დღეს არის – თითქმის ნახევარი საქართველო ვერ უყურებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. დიახაც, ამაზე უნდა დახარჯოს რესურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ. მან უნდა თქვას, როგორ მოახერხოს, პირველი არხი, მეორე არხი და რადიო ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის; მერე უნდა იფიქროს, ის პროგრამა- “რეალური სივრცე იქნება”, “წიგნების თარო” თუ “მოამბე”- აკმაყოფილებს თუ არა მაქსიმალურ სტანდარტებს იმ ტიპის გადაცემებისა, რომლებიც ისინი არიან. თუ აკმაყოფილებს, მაშინ რა გვიშლის ხელს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს პროგრამა. რამდენად სწორად არის ის შეფუთული, რამდენად სწორად არის ის წარმოჩენილი და რამდენად ახერხებს ნებისმიერი მოქალაქე ამ პროგრამის ყურებას. თუ ვიტყვით, რომ ეს პროგრამა ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მაშინ ვიფიქროთ იმაზე, თუ რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ ის. არ მოგვწონს პროგრამა “ექიმის საათი”? – მაშინ უნდა დავასაბუთოთ, რატომ არ მოგვწონს.

პირადად მე ვიცი საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე და ამაზე უფრო მეტი მსმენია, რომ ამ გადაცემას ელოდება მაყურებელი; ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე გულისხმიერი ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის გადაცემებს აკეთებს, ის უნდა უძღვებოდეს სწორედაც სამედიცინო გადაცემას საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მაშინ ვიფიქროთ, რატომ არ შეიძლება, რომ ეს თემა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა მოქალაქისთვის და უკეთესი პრომოუშენი გავუკეთოთ ამ გადაცემას, უკეთესი თვითრეკლამა მოხდეს ამ გადაცემის.

ამაზე უნდა იფიქროს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ვიდრე დაიწყებს ფიქრს იმაზე, რომ მან ახალი რაღაც უნდა აწარმოოს. არის გადაცემები, რომლებიც შეიძლება არ მოსწონდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, მაგრამ ეს არის დიდი პრინციპული ვალდებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომ მან ილაპარაკოს ისეთ ღირებულებით საკითხებზე, რითაც ჩვენი საზოგადოება უნდა გახდეს ძლიერი.

თუ დღეს ავდექი და იმით შევაფასე გადაცემები, რომ მას არ აქვს რეიტინგი… რითი ითვლის დღეს ამ რეიტინგებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო? იმ ფიფლმეტრებით, რომელშიც ვერ გარკვეულან, ვისგან დაითვალონ? თუ, რეალურად ვნახოთ, სოციალურ ქსელებში, იუთუბზე რა მნახველები ჰყავს იმ გადაცემებს, რომლებიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს? რამდენად აქვს გამოხმაურება ასეთი ტიპის გადაცემებს და მერე ვისაუბროთ იმაზე, ეს გადაცემები ვარგა თუ არა. თუ არ ვარგა, ასე კი არ უნდა დავსვათ საკითხი:  “იცით, რა,  აი, თქვენ მოგწონთ ეს გადაცემა” და “თქვენ არ მოგწონთ ეს გადაცემა”…  იქნებ სხვას არ მოსწონს ეს გადაცემა; ჩვენ როგორ გადავწყვიტოთ, რომელი გადაცემა გავიდეს და რომელი ჩავხსნათ?

უკაცრავად, მაგრამ ეს მანდატი მოგცათ ზუსტად სამეურვეო საბჭომ კონკურსის შედეგად, ამ პრინციპით აირჩია სწორედ დირექტორი, რომ მან შექმნას ის სამენეჯერო გუნდი, რომელიც ზუსტად და თავისი გემოვნებით, მაგრამ საზოგადოებრივი აუცილებლობით, საზოგადოების წინაშე ვალდებულების გრძნობით შექმნის მედიაპროდუქტს. მან მისი გემოვნებით უნდა გააკეთოს და თუ მისი გემოვნება იქნება ისეთი, რომელსაც არ მიიღებს საზოგადოება, მაშინ, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგება საკითხი, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული ეს ხელმძღვანელობა გადაირჩეს. ეს ყველაფერი არის კანონით განსაზღვრული. აქ ახლა ზედმეტი მანიპულაციები ჩვენ არ გვჭირდება. ეს არის ასე.

 

თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპტიმიზაცია, როგორ უნდა შეარჩიონ თანამშრომლები, ვინ დარჩეს და ვინ არა საზოგადოებრივ მაუწყებელში? თქვენი აზრით, რამდენი თანამშრომელია მაუწყებლის კარგად მუშაობისთვის საჭირო?

ამისთვის საჭიროა, რომ ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ დადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული სურათი, დადოს პლატფორმები და განსაზღვროს, რა ტიპის პროდუქტი უნდა აწარმოოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. როდესაც ის საუბრობს, რომ დღეს ყველა არსებული პროგრამა არ ვარგა და “მოამბეც” არ არის კონკურენტუნარიანი, კითხვას ვსვამ ასე: თუ უნდა დაიხუროს ეს პროგრამები, ერთი წლის მერე რა ტიპის პროგრამა უნდა გავიდეს ამ არხზე, რა ხარისხის იქნება და რა ინდიკატორით შეაფასებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ პროგრამებს? მაშინ ჩვენ უკვე დავინახავთ, რომ ნაფიქრი აქვთ, როგორი პროგრამა უნდათ. თუ ასეთი პროგრამა უნდათ, ამ პროგრამებზე რამდენი ადამიანი უნდა დაკავდეს? რამდენი ადამიანი შეიძლება ტექნიკური პერსონალიდან დაკავდეს არა ერთ, არამედ სამ ან ხუთ გადაცემაზე? როგორ მოხდება ეს ოპტიმიზაცია? თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ადამიანების მექანიკურად დათხოვნა, მასობრივი დათხოვნა სამსახურიდან არ არის ოპტიმიზაცია, ეს არის ხალხის სამსახურიდან გაყრა.

თუ ეს არის მიზანი, კი, ბატონო, მაშინ ესეც უნდა თქვან, რომ “ჩვენი მიზანია ხალხის სამსახურიდან გაყრა და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქტის დახურვა”. შედეგი არის ის, რომ მოქალაქეები გადავაჩვიოთ საზოგადოებრივ მაუწყებელს; ვუთხრათ, რომ ერთი წელი თქვენ ეს ტელევიზია დაივიწყეთ. ერთი წლის მერე, გარწმუნებთ, რომ ამ ტელევიზიას არავინ ჩართავს, რა შედევრებიც არ უნდა დადოს ამ მენეჯმენტმა. ერთი წელი დღეს, დაჩქარებულ ეპოქაში, უფრო მეტია, ვიდრე კალენდარული ერთი წელი. მით უმეტეს, ეს არის წელი, როცა ქვეყანაში არის არჩევნები და საკონსტიტუციო რეფორმა. ამ დროს ჩვენ ასე ხელაღებით მოვწყვიტოთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენი მოქალაქეები, ეს არის ძალიან დანაშაულებრივი პროექტი. ამაზე უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ.

თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა იტყვის, რომ იმ 1200 თანამშრომლიდან არის 100 ან 200 ადამიანი, რომელიც სამსახურში არ დადის, რომლის გაკეთებული პროდუქტიც არავის უნახავს და ამ თანამშრომელთა სია მას მაგიდაზე უდევს და ამბობს, რომ იძულებულია ეს ხალხი დაითხოვოს, გასაგებია. თუ იტყვის, რომ დანარჩენი პროდუქტი, რომელსაც აწარმოებს ახლა, პირობითად ამ 200 ან 150 ადამიანის გარეშეც შეუძლია გააკეთოს, ეს ჩემთვის გასაგებია; ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი ე.წ. მკვდარი სულები დაითხოვოს ხელმძღვანელობამ იმისთვის, რომ მათი ხელფასის ხარჯები არ იყოს გაწერილი. მეტიც, იმაზეც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სახელფასო ფონდი უნდა შემცირდეს ან გადანაწილდეს სხვა თანამშრომლებზე პროპორციულად, მაგრამ დაითხოვო 1200–ივე თანამშრომელი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ოპტიმიზაცია – ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი სტრუქტურის ნგრევა. შეიძლება ამ სტრუქტურას ხარვეზები აქვს, დახვეწა და განვითარება სჭირდება, მაგრამ მთლიანად დაანგრიო ეს სტრუქტურა, ნიშნავს, მთლიანად დაანგრიო საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა.

დღეს ეს დილემა გვაქვს ჩვენ გადასალახი და არა ის, რომ რომელიმე თანამშრომელი ზედმეტად არის შტატში და ტყუილად იღებს ფულს. თუ ასე დგას ამოცანა, არა მგონია, რომ დღეს ვინმე გონიერი ადამიანი საქართველოში ვასილ მაღლაფერიძეს დაუპირისპირდეს და თქვას, რომ ასეთი ადამიანი სამსახურიდან არ დაითხოვოს. პროდუქტი, რომელიც შემოქმედებითი საბჭოების მიერ არის მიღებული და აღმასრულებელი სტრუქტურის მიერ არის დამტკიცებული, მათი თანხები არის ჩადებული ბიუჯეტში, რომელიც სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა, ეს პროექტები არ ვარგოდა. თუ არ ვარგა, მაშინ კითხვა მარტივად ისმის: რატომ დაამტკიცეს ეს პროექტები და რატომ გამოყვეს თანხები? თუ გამოყვეს, მაშინ ეს პროექტები უნდა არსებობდეს. გავარკვიოთ და ვთქვათ, რომ ეს პროექტი სრულად არ აკმაყოფილებს სეგმენტს ჩვენი საზოგადოების, მათ ინტერესებს და საჭიროა, რომ ამ თემაზე გვქონდეს ჩვენ აუცილებლად გადაცემა, ოღონდ სხვა ფორმის და ფორმატის. კი, ბატონო, გამოვაცხადოთ ტენდერები და მოვაწყოთ 2019 წლისთვის უკეთესი გადაცემები ეთერში, უკეთესი პროდუქტი შევთავაზოთ მაყურებელს. ეს არის მუდმივი, პერმანენტული პროცესი და არ შეიძლება ის გაწირო. როგორც კი გაწყვეტ ამ პროექტს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამით შენ აზარალებ საზოგადოებას. არა მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა, როცა ირჩევდა გენერალურ დირექტორს – მას დაეზარალებინა საზოგადოება და მისი მაღალი ინტერესები. ეს არის დღეს დავის საგანი და როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ის პროცესი, რომელიც მიდის დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში, არ არის ჯანსაღი.

 

გადაცემების თანამშრომელთა ნაწილს შესთავაზეს, რომ “მოამბეს” შეუერთდნენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი შეიძლება მუშაობდეს ერთ საინფორმაციო გადაცემაზე?

ვერ გეტყვით, არ ვიცი. საინფორმაციო პროგრამას აქვს თავისი კონკრეტული სტრუქტურა, რომელზეც უნდა იყოს აგებული ყველა პროდიუსერის, ჟურნალისტის, მემონტაჟის და ოპერატორის ფუნქცია; ის არ შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები ან მეტი, რა ვალდებულებებიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს “მოამბის” ქოლგის ქვეშ გადავარჩინოთ კადრების სოციალური ინტერესები, ეს გაცილებით უფრო ცუდი პროექტი იქნება, ვიდრე წამოუდგენიათ თავად დღევანდელ მენეჯერებს. ახლა ჩვენ უნდა ვიმარჩიელოთ, რისი გაკეთება უნდა ვასილ მაღლაფერიძეს და იმ სამენეჯერო გუნდს, რომელიც დღეს განკარგავს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ერთადერთი, რაც ჩვენ მათგან მოვისმინეთ, არის ის, რომ 102 გადაცემიდან 101 გადაცემა რადიოსა და ტელევიზიებში უნდა შეჩრდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთი წლით უნდა დაიხუროს – ეს არის პრობლემა და ასე შევხედოთ საკითხს.

მერე ამას ებმის სოციალური გარანტიები, რომ თანამშრომლები რჩებიან უმუშევრები. ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვის პრობლემა არ არის მხოლოდ თანამშრომლის უმუშევრად დარჩენა. ეს არის მაყურებლის დარჩენა გადაცემების გარეშე, ღირებულებების გარეშე და იმ კონცეფციის გარეშე, რასაც ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ უნდა ამოვიდეთ მაყურებლის ინტერესებიდან; ის თანამშრომელიც იმიტომ მუშაობს და იმიტომ იღებს ხელფასს, რომ მან შექმნას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და მაღალი ხარისხის პროდუქცია. ეს არის ამოცანა. ამიტომ, როცა დღეს ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, ამოვიდეთ საზოგადოების ინტერესებიდან და ვთქვათ, რომ ეს გადაცემები, რაც კეთდება, კარგია, არის საშუალოდ კარგი და არის ცუდი. თუ ცუდია, ვთქვათ, ამიტომ და ამიტომ არის ცუდი და ჩვენ ამ გადაცემებს ვხურავთ. თუ საშუალოდ კარგია, ვიწყებთ ზრუნავს, რომ გაუმჯობესდეს, უკეთესი გახდეს, გაუწიოს კონკურენცია სხვა სატელევიზიო პროდუქტებს და, რაც მთავარია, მაქსიმალურად ფართოდ მიაღწიოს ჩვენს მომხმარებლამდე. ეს არის ამოცანა დღეს – თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რეფორმირებაზე, ეს უნდა იყოს რეფორმირების საგანი და არა ის, რომ დაიხუროს არხი. არხის დახურვა არ არის მენეჯმენტი.

 

სჭირდება თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი შენობა და რეგიონული ბიუროები? არის თუ არა ეს არხის მთავარი ამოცანა მოცემულ სიტუაციაში?

შეიძლება, რომ ეს იყოს მთავარი ამოცანა. შეიძლება, ეს ამოცანა ისე გადავწყვიტოთ, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული წყვეტა. რაც ყველაზე მთავარია, ჯერ არ წარმოუდგენიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის პროექტი და საზოგადოებრივ მაუწყებელს ხურავს დღევანდელი მენეჯმენტი. არ წარმოუდგენიათ, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუროები, რა ტიპის ბიუროები უნდა იყოს  იყოს – ეს უნდა იყოს რეგიონული ოფისები თუ მხოლოდ საკორესპონდენტო პუნქტები – ეს მოდელი მათ არ წარმოუდგენიათ. ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობენ ისინი, როდესაც რეგიონებზე საუბრობენ; ისინი აპირებენ, ადგილობრივი კერძო ტელევიზიების ბაზაზე რაღაც სტრუქტურის შექმნას, თუ რეალურად შექმნან საზოგადოებრივი მაუწყებლის ადგილობრივი ბიუროები, რომლებიც, ერთი მხრივ, რეგიონებში აწარმოებენ და, მეორე მხირვ, საზოგადოებრივ მაუწყებელს სთავაზობენ ადგილობრივ პროდუქტს. ჩვენ არ ვიცით, როგორია მათი ხედვა. თქვენ მოისმინეთ სადმე, როგორ წარმოუდგენიათ ეს ბიუროები სამეურვეო საბჭოს ან არხის მენეჯმენტს? მე არ მომისმენია. სიტყვების სროლა უსაგნო ხდება, თუ ის სიტყვები არ არის დატვირთული შინაარსით. როდესაც ეს შინაარსი გვექნება და იმედი მაქვს, რომ ცოტა უფრო მეტს მოყვება ვასილ მაღლაფერიძე და მისი სამენეჯერო გუნდი სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრაზე, ვნახავთ და მოვისმენთ, რისი გაკეთება უნდა დირექტორს და შემდგომ უფრო ადვილი იქნება კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. საბჭო დაგვპირდა, რომ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნებს სრულ ჩანაწერს. დღეს კონკრეტული საკითხები არ დგას დღის წესრიგში იმიტომ, რომ კონკრეტულ საკითხებს არ ეხება გენერალური დირექტორი. ის საუბრობს კონცეპტუალურ საკითხზე. მაგალითად, პირადად მე კონცეპტუალურ საკითხზე მაქვს წინააღდეგობა. მას მიაჩნია, რომ არხი უნდა დაიხუროს, მაუწყებელი უნდა დაიხუროს, ხოლო მე მიმაჩნია, რომ ეს არის არასწორი და უპასუხისმგებლო ქმედება საქართველოს საზოგადოებისა და კონკრეტული მოქალაქეების წინაშე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გათიშვა არ შეიძლება – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დილემა.

 

თქვენი როგორ წარმოგიდგენიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სწორი განვითარება, როგორი უნდა იყოს არხის რეგიონული ბიუროები?

მე მაქვს ჩემი ხედვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწყობაზე, მაგრამ ახლა არ მიმიღია მონაწილეობა კონკურსში. არ ვისაუბრებ ამ პრინციპებზე მანამ, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არ განიხილავს დირექტორის მიერ წამოდგენილ რეალურ კონცეფციას: იმ მატარებლიან სლაიდშოუს არა, რეალურ პროგრამას. ამ პროგრამის მერე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ. შეიძლება უკეთესი ვერსიებიც კი აქვს წარმოდგენილი, ვიდრე მე ან სხვა ადამიანს, ვინც ამ საქმით არის საქართველოში დაკავებული, მაგრამ ეს უნდა ვნახოთ. ჩვენ ეს აქამდე არ მოგვისმენია. ჩვენ გვესმის, რომ ეს გადაცემები არ ვარგა, ეს ხალხი არ ვარგა, იმათი შექმნილი პროდუქცია არანაირ ღირებულებას ატარებს, ამიტომ უნდა დავხუროთ… არ არის ეს სწორი. დღეს ჩვენ ამ კონცეპტუალურ საკითხზე ვდავობთ.

დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არ მისცემს გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს, რომ არხი გაითიშოს და მაუწყებელი გაითიშოს. არ მისცემს უფლებას, რომ კანონი დაირღვეს და მოქალაქეები დარჩენენ იმ პროდუქტის გარეშე, რომლითაც მათი მომარაგება უნდა შეძლოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.  თუ სამეურვეო საბჭო ამ ნაბიჯს გადადგამს და იმ აბსურდულ, არაადეკვატურ გეგმას დაუმტკიცებს და 2017 წლიდან დახურავს გადაცემებს და მხოლოდ “მოამბეს” დატოვებს, ამით სამეურვეო საბჭო თავის თავს დააყენებს დარტყმის ქვეშ. საბჭო იქნება პრაქტიკულად განწირული იმიტომ, რომ ის არის ვალდებული და პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს კანონი მაუწყებლის შესახებ არ დაირღვეს და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ფუნქცია შეასრულოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი