ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ალტერნატიული ხედვის მოსამზადებლად დროს ითხოვს

8 თებერვალი, 2017 • 4825
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ალტერნატიული ხედვის მოსამზადებლად დროს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი მიმართავს სამეურვეო საბჭოს, ტელევიზიის განვითარების ალტერნატიული გეგმის შესამუშავებლად დრო მისცეს.

ეს მოთხოვნა გაავრცელეს იმ შეხვედრის შემდეგ, რომელიც 8 თებერვალს საქართველოს მედიის პროფკავშირისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პროფკავშირის ორგანიზებით გაიმართა. მას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ესწრებოდა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა. თანამშრომლებში არის სრული ერთიანობის განცდა. აქ არ არის ერთი პროფკავშირი, მეორე პროფკავშირი, ან პროფკავშირის არაწევრი თანამშრომლები, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთობა თანამშრომლებში არსებობს. სწორედ ამ ერთობის შედეგად შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უახლოეს პერიოდში მიმართავს ბორდს წერილობით და ამ საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით მომზადდება კონკრეტული ალტერნატიული ხედვა, გეგმა ან გეგმები, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს მენეჯმენტმა”, – განაცხადა ლაშა მესხმა, საქართველოს მედიის პროფკავშირის ხელმძღვანელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი © მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

საზოგადოებრივი მაუწყებელი © მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ლაშა მესხის თქმით, ჯგუფში შევა ყველა, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედით.

“სანამ ჩვენგან არ მიიღებენ ალტერნატიული ხედვის პროექტებს, მანამდე არ მიიღონ არანაირი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, საზოგადოებრივ მაუწყებელში არასოდეს ყოფილა შემოქმედებითი კრიზისი. აქ მხოლოდ მართვის კრიზისი იყო, რადგან აქ მოსული მაღალი დონის მენეჯერები ვერ განაგებდნენ სათანადოდ ვერც ფინანსურ, ვერც ადამიანურ რესურსებს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის განვითარების ხედვა, რომელიც წარმოადგინა ახალმა გენერალურმა დირექტორმა და მისმა გუნდმა, არ წაადგება მაუწყებლის განვითარებას. ეს არის დახურვის გეგმა”, – განაცხადა დოდო შონავამ.

დოდო შონავას თქმით, დღეს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ხვალიდან დაიწყება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და იწყება  არსებითი კვლევა ტექნიკის, ადამიანური რესურსების,  დაითვლიან ფინანსურ დანახარჯებს, თუ მათთვის  ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მაუწყებელში არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი