ახალი ამბები

თალაკვაძე: სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის დანიშვნა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა

8 თებერვალი, 2017 • 5024
თალაკვაძე: სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის დანიშვნა საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლაზე დანიშნული რეფერენდუმი საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, რუსეთს საქართველოს წარმატებები და პროგრესი აშფოთებს, ამიტომ ახალ გზებს ეძებს, რათა ოკუპირებულ რეგიონებში უფრო მშვიდად იგრძნოს თავი.

“ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, ეს არის საოკუპაციო გეგმის ნაწილი და, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის, ჩვენი ოსი ძმების რუსეთის მიერ მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის აშკარა მცდელობაზე,” – აღნიშნა თალაკვაძემ

7 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცხინვალში 2017 წლის 9 აპრილს დანიშნულ პლებისციტსა და საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით გამოეხმაურა:

“პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გველენება რუსეთის ფედერაცია. ნებისმიერ მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველო ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემგომი ანექსიისაკენ”,  – ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხრეთ ოსეთისთვის “ისტორიული სახელის – ალანიას” დაბრუნებაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. აღიშნული რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი