ახალი ამბები

პროკურატურა: მოსამართლეებმა შეტყობინებები დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს

7 თებერვალი, 2017 • 2460
პროკურატურა: მოსამართლეებმა შეტყობინებები დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს

მთავარი პროკურატურა მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს. პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, იგი “მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს”. პროკურატურა აცხადებს, რომ დავით საყვარელიძის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მიმოწერის მიხედვით, შეტყობინება გამოგზავნილია ნომრიდან, რომლის კოდია +380, რაც უკრაინის სატელეფონო კოდია, სადაც ამჟამად გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმყოფება.

“ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ.საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად, ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.  ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ წერილობით აცნობეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.  გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2017 წლის 14 იანვარს დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების – ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით, საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე – უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა”,- ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება.

ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ალავიძისა და ქათამიძის მოსყიდვა. არც ზემოთ ხსენებული აუდიოჩანაწეისა და არც ამ ვაიბერ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული მიმოწერა

პროკურატურის მიერ გავრცელებული მიმოწერა

პროკურატურის მიერ გავრცელებული მიმოწერა

პროკურატურის მიერ გავრცელებული მიმოწერა

მასალების გადაბეჭდვის წესი