ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მარგველაშვილი ცხინვალში 9 აპრილს დანიშნულ არჩევნებსა და პლებისციტს ეხმაურება

7 თებერვალი, 2017 • 3169
მარგველაშვილი ცხინვალში 9 აპრილს დანიშნულ არჩევნებსა და პლებისციტს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცხინვალში 2017 წლის 9 აპრილს დანიშნულ პლებისციტსა და საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება:

“პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გველენება რუსეთის ფედერაცია. ნებისმიერ მცდელობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება საქართველო ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და მორიგ ნაბიჯს, გადადგმულს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემგომი ანექსიისაკენ”,  – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე პრეზიდენტი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, “გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ”.

“მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ წინ აღუდგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას და ამ ე.წ. არჩევნებსა და პლებისციტის  შედეგების ლეგიტიმაციის ნებისმიერ მცდელობას”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხრეთ ოსეთისთვის “ისტორიული სახელის – ალანიას” დაბრუნებაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. აღიშნული რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი