გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ.
სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ.
“ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
შედგა შესაბამისი ოქმი. გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება”, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.