ახალი ამბები

რა გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გეგმა აჭარის ტელევიზიაზე

6 თებერვალი, 2017 • 1929
რა გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გეგმა აჭარის ტელევიზიაზე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ტელევიზია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხია, არ წყვეტს მუშაობას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალარჩეულმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძლემ დღეს, 6 თებერვალს განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემა, გარდა „მოამბისა“ 2018 წლამდე შეიძლება შეჩერდეს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მათი არხი ცალკე სამართლის იურიდიული პირია და, შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები მათ არ ეხებათ: „ჩვენ გვაქვს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, სამოქმედო გეგმა, ეს დამოუკიდებელი მედია არხების პოლიტიკაა და ამ შემთხვევაში აჭარის მაუწყებელს არ შეეხება. არანაირი შეთანხმება და არც კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა“.

მაუწყებლის შესახებ კანონით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და აჭარის ტელევიზიას საერთო ბიუჯეტი აქვთ. ამ საერთო ბიუჯეტიდან მინიმუმ 0.15% ეკუთვნის აჭარის ტელევიზიას. ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ტელევიიზის ბიუჯეტი 2018 წლამდე დაიხარჯება არა მედია პროდუქციის წარმოებაზე, არამედ სხვა დანიშნულებით.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეიძლება აჭარის ტელევიზიაც დარჩეს ფულის გარეშე? – ნათია კაპანაძე ამბობს, რომ არა: „ჩვენ კანონით გვაქვს განსაზღვრული პროცენტი და უფლება მივიღოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი შიდა პროდუქტიდან პროცენტი. შესაბამისად, ამისგან განსახვავებული მოსაზრებები ნიშნავს იმას, რომ კანონს ვეწინააღმდეგებით. ანუ ჩვენ გარანტირებული გვაქვს ეს ნაწილი“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თქმით, მათ შემთხვევაში „კანონთან შეწინაღმდეგება“ გამორიცხულია. შესაბამისად, ცალკე სამართლის იურიდიული პირის სხვა გადაწყვეტილება არ ცვლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დღის წესრიგს და გეგმებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი