ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

2 ნოემბერი, 2012 •
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მოითხოვა იმ მოტივით, რომ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ადრე არ ყოფილა ნასამართლევი და დროულად გამოცხადდა სამართალდამცავ უწყებაში.

 

დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ სასამართლო პროცესზე ეჩვენებინათ ვიდეომასალა, სადაც ასახულია კაფე “გალერეასთან” გაჩეჩილაძესა და დაცვის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება, რაც დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის დაჭრით დასრულდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

 

საქმის არსებითი განხოლვა 24 დეკემბერს გაიმართება.

 

გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის (ხულიგნობა) მესამე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში” მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფეს დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ვიდეოგადაღება დაუშვა პროცესის დაწყებიდან 2 წუთის განმავლობაში იმ მოტივით, რომ აღნიშნულ საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

 

ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის, ადვოკატ შალვა შავგულიძის განცხადებით, მისი თავდებობა გიორგი გაჩეჩილაძეს არ დასჭირდა:

 

“ეს შუამდგომლობა არ განხილულა საერთოდ, ვინაიდან თავად პროკურატურამ იშუამდგომლა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, ანუ გირაოს შეფარდება და პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ეს არის ძალიან კარგი ტენდენციის დასაწყისი. მე როდესაც თავდებობაზე თანხმობა განვაცხადე, მაშინაც აღვნიშნე, რომ უნდა დაიწყოს ტენდენცია, რომ ყველა შემთხვევაში არ უნდა იქნას აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება გამოყენებული”, – განაცხადა შავგულიძემ.

 

გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება მისაღებია:

 

“გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას მისაღებია ამ ეტაპისათვის, რომ გიორგი პატიმრობაში არ რჩება, მაგრამ ჩვენი პოზიცია უცვლელია იქიდან გამომდინარე, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, მასალების დათვალიერებიდანაც იგივე ირკვევა, საქმეში არ არსებობს არანაირი ნივთმტკიცება”, – აღნიშნა ლევან სამუშიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი