ახალი ამბები

ოსმან თურანი: ჯეოსელი უკანონო მოსმენებს არ აწარმოებდა

2 ნოემბერი, 2012 •
ოსმან თურანი: ჯეოსელი უკანონო მოსმენებს არ აწარმოებდა

ნეტგაზეთის კითხვას, ჯეოსელის მფლობელი კომპანიის “თელიასონერას” მიმართ ბრალდების შესახებ, რომ შვედური მედია ”ჯეოსელის” მფლობელ კომპანია ”თელიასონერას” პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა დიქტატორულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში ამხელს, ოსმან თურანი პასუხობს, რომ თელისონერას პოზიცია ცალსახაა – კომპანია პოლიტიკაში აქტიურად არ ერევა.

 

“ადამიანის უფლებები და აბონენტის პირადი ინფორმაციის დაცულობა ჩვენი მთავარი პოლიტიკაა. უკანონო მოსმენები ჩვენს პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ჩვენი კომპანია მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში მოქმედებს, მაგალითად, სასამართლოს დადგენილების შესაბამისად. ის, რაც მედიაში გაჟღერდა, ეს იყო პროვოკაციული თემა,”- აცხადებს ოსმან თურანი.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”თელიასონერას” პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა დიქტატორულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე შვედურ მედიაში გავრცელდა. შვედური მედია წერდა ”თელიასონერას” კავშირზე აზერბაიჯანში, ბელორუსში და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში ”თელიასონერას” კუთვნილმა მობილურმა კომპანიებმა ადგილობრივ უშიშროების სამსახურებს მისცეს საშუალება, მოესმინათ ოპოზიციონერი აქტივისტების სატელეფონო ზარებისთვის, გაეშიფრათ ქსელის მეშვეობით გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები და სხვა სახის ციფრული ინფორმაცია.

 

”თელიასონერამ” საქართველოში ”ჯეოსელის” აქციების შესყიდვა 2002 წლიდან დაიწყო. ”ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ირმა ცქიტიშვილის თქმით, შვედურ-ფინური კომპანია ”ჯეოსელის” 100%-ს ფლობს. ”თელიასონერამ” 2011 წლის მაისში ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანა მობილური კავშირგაბმულობის ათეულობით კომპანია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია განთავსებული. ”თელიასონერას” აბონენტთა საერთო რაოდენობა 150 მილიონს აჭარბებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი, 30 ათასს.

 

კომპანია ”ჯეოსელი” საქართველოში 2004 წლიდან უზრუნველყოფს შსს-ს საპატრულო პოლიციის მობილურ კავშირს. ”ჯეოსელის” კორპორატიული ნომრების სერვისით სარგებლობენ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების დიდი ნაწილი, პედაგოგები. “ჯეოსელის” დაფინანსებით მოწყობილი ე.წ. “მომავლის კლასები” საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. 

 

კითხვაზე, რატომ ღებულობდა ჯეოსელი სამთავრობო პროექტებში მონაწილეობას და ხომ არ იყო მმართველი პარტიის მიერ რაიმე სახის ზეწოლა კომპანიაზე, ჯეოსელის ყოფილი გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ ჯეოსელი ყველაფერს “საკუთარი ნებით აკეთებდა.”

 

კომპანია ჯეოსელის მიერ მმართველი პარტიის ფარული რეკლამირებაზე საზოგადოების ნაწილი 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც საუბრობდა.  

 

“დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო”, – ასე იწყებოდა “ჯეოსელის” sms-იზაციის რეკლამა ახალი სერვისის შესახებ, რომლის დღიური საფასური 5 თეთრია, ხოლო ჩასართავად მომხმარებელმა *055# უნდა აკრიფოს.

  

მასალების გადაბეჭდვის წესი