ახალი ამბებისამართალი

2016 წელს ფარულ მიყურადებაზე 401 შუამდგომლობიდან მხოლოდ 56 არ დაკმაყოფილდა

3 თებერვალი, 2017 • 4214
2016 წელს ფარულ მიყურადებაზე 401 შუამდგომლობიდან მხოლოდ 56 არ დაკმაყოფილდა

IDFI-ის ინფორმაციით, პროკურატურის მიერ 2016 წელს პირველადი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების 401 შუამდგომლობა განიხილეს, საიდანაც 315 სრულად, ხოლო 30 ნაწილობრივ დააკმაყოფილეს. შესაბამისად, სასამართლოებმა გასულ წელს მხოლოდ 56 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, წელს პირველად არის ხელმისაწვდომი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობები სასამართლოებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს ყველაზე მეტი – 299 შუამდგომლობა განიხილა. დანარჩენი 102 შუამდგომლობა ნაწილდება 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე.”

IDFI-ის ცნობით, 2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე – თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338):

“წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით შესული შუამდგომლობების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი – 77%-დან 92%-მდე.”

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკით, 2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა.

 

სატელეფონო საუბრის მიყურადების მონაცემები 2016 წელს

 

IDFI-ის მიხედვით, 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ სრული მონაცემები. აქამდე ხელმისაწვდომი იყო მონაცემები მხოლოდ სექტემბრის ჩათვლით.

მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მანძილზე საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში სულ განხილულია 401 შუამდგომლობა, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 315, ხოლო ნაწილობრივ – 30. შესაბამისად, დაკმაყოფილების წილი წინა წელთან შედარებით ოდნავ გაიზარდა და შეადგინა 86%.

 

წყარო: მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობა IDFI-ის პრაქტიკა

წყარო: მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობა IDFI-ის პრაქტიკა

როგორც IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, 2016 წელს ყველაზე მეტი – 299 შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა, ხოლო დანარჩენი 102 შუამდგომლობა ნაწილდება 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე, საიდანაც შედარებით გამოირჩევა ბათუმი (22 შუამდგომლობა), ქუთაისი (19 შუამდგომლობა) და რუსთავი (13 შუამდგომლობა). როგორც ირკვევა, 2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე – თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338).

წყარი: IDFI

წყარი: IDFI

IDFI-ის რეკომენდაციები

  1. “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესაბამისად, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდეს Excel-ის ფორმატში;
  2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემები გამოქვეყნდეს დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით, რაც სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე არსებულ მონაცემებთან შედარების საშუალებას შექმნის;
  3. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემები გამოქვეყნდეს კონკრეტული ფარული საგამოძიებო მოქმედებების მითითებით;
  4. დაზუსტდეს 2016 წელს სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე განხილული შუამდგომლობების რაოდენობა.

 

IDFI-ის ანალიზი სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკური მონაცემების თაობაზე უფრო ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი