ახალი ამბები

სუბარი: დევნილებს სტატუსი შეუნარჩუნდებათ, სანამ არ მოხდება მათი დაბრუნება

2 თებერვალი, 2017 • 4608
სუბარი: დევნილებს სტატუსი შეუნარჩუნდებათ, სანამ არ მოხდება მათი დაბრუნება

“დევნილების დახმარება არ შეეხება დევნილის სტატუსს. სტატუსი არის პოლიტიკური სტატუსი და რჩება მანამ, სანამ არ მოხდება დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 – 15 წელია ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ეს მოვიყვანოთ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში”, – ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სუბარის თქმით, საერთაშორისო სტანდარტი არის ის, რომ ასეთი სტატუსი არ არსებობს.

“როგორც მინიმუმ ითხოვენ, რომ მეორე-მესამე თაობა, ანუ აქ დაბადებულებს სტატუსი არ ჰქონდეთ. ეს არ არის განხილვის საგანი ჩვენთან. ლაპრაკია რაზე – დევნილთა მიმართულებით დღეს იხარჯება დაახლოებით 250 მლნ ლარი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბიუჯეტებიდან. ეს არის ჩვენი სამინისტრო, სოციალური დახმარებები და სხვა. ამ თანხების ეფექტურად ხარჯვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, გაცილებით მეტი სახლი ავაშენოთ დევნილებისთვის, გაცილებით მეტად დავეხმაროთ გაჭირვებულ დევნილებს. დაახლოებით იგეგმება გავაორმაგოთ დახმარება იმ ყველაზე გაჭირვებული დევნილებისთვის, რომლებიც დღეს იღებენ 45 ლარს და ხვალ მიიღებენ 90 ლარს. წელიწადში 2 000 სახლს კი არ ავაშებებთ, ავაშენებთ 5-4 ათას სახლს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმუმ 3 წელიწადში ყველა დევნილი, ვისაც დღეს არ აქვს სახლი და დღეს ცხოვრობს ნგრევად ობიექტებში, დავაკმაყოფილოთ სახლით და ამის შემდეგ დარჩება მხოლოდ ის დევნილები, რომელთა ეკონომიკური მდგომაროება არის შედარებით სტაბილური.

დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ შემთხვევები, როდესაც ოფიციალური მილიონერები იღებენ 45 ლარს. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ არიან დევნილი პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ მაღალი შემოსავალი, მათი ოჯახის წევრები იღებენ 45 ლარს. მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი. ჩემი პოზიციაა, რომ ეს თანხა გავანაწილოთ გაჭირვებულ დევნილებზე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, მეორე და მესამე თაობის დევნილები ან ყველა ის დევნილი, რომელიც არ არის დაბადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, არის იგივე დევნილი და იქნება იგივე სტანდარტში, როგორც ადამიანი, რომელიც დაიბადა იქ.

“ეს საკითხი განიხილებოდა, ეს არის რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციების. ბუნებრივია, განვიხილეთ და პასუხი გაგზავნილი იყო, რომ ჩვენ ამას არ განვიხილავთ, რადგან ჩვენთვის ესაა პოლიტიკური სტატუსი და არა ეკონომიკური დახმარება.

ჩვენ ვაპირებთ, რომ რეფორმა იყოს მიბმული სოციალური ქულების სისტემაზე არა იმ რაოდენობაში, რაც არის დღეს, 57 000 ქულა, არამედ გაცილებით მაღალი იქნება ეს რეიტინგი”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დევნილები და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აპროტესტებს დევნილებისთვის 45-ლარიანი შემწეობის შესაძლო გაუქმების საკითხს. მათ აქვთ დევნილთა შემწეობის რეფორმისთვის მოსამზადებელი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია ზოგიერთი კატეგორიის დევნილისთვის შემწეობის გაუქმება, ზოგისთვის კი- გაზრდა. დევნილები შიშობენ, რომ შემწეობის გაუქმებას მათი სტატუსის გაუქმებაც მოჰყვება. სამინისტრო უარყოფს, რომ ეს დოკუმენტი მათ მიერ არის შემუშავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი