2017 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს (ბორჯღალოსნებს), უმცროს ბორჯღალოსნებს, 7-კაცასა და 7-ქალას სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი – ქენთებრი (Canterbury) შემოსავს.
დღეს, 1 თებერვალს ახალი ფორმის პრეზენტაციის ღონისძიებაზე, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს რაგბის კავშირსა და ‘ქენთებრის’ შორის.
“ბორჯღალოსნების ახალი კვართი „ქენთებრის“ უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო – ბორჯღალი, მწარმოებლისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, „თიბისი ბანკის“ სამარკო ნიშნები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი.
რაგბის სამყაროში კონკრეტული გუნდის იდენტიფიცირებისას კვართის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ საქართველოს რაგბის კავშირმა და ‘ქენთებრიმ’ ვიმუშავეთ იმაზე, რომ შეგვექმნა სხვა ქვეყნებისგან საქართველოს განმასხვავებელი ისეთი ფერი, რომელიც იქნებოდა ქვეყნის ტრადიციებთან ახლოს. შედეგად შეიქმნა სრულიად განსხვავებული და ახალი – “ღვინის ფერი”, – ნათქვამია რაგბის ფედერაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
“საქართველოს რაგბის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული რაგბის იდენტობის განმსაზღვრელ კომპონენტებს. ასეთ ელემენტებად უკვე დამკვიდრდა ბორჯღალი და ვაზის ლერწი. რაც შეეხება ფერებს, ჩვენი ნაკრები აქამდე ასპარეზობდა შინდისფერი, წითელი, შავი და თეთრი კვართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფერი ორგანულად იქნება აღქმული ქომაგების მიერ და მომავალში ღვინისფერი ასოცირებული გახდება ახალ წარმატებებთან“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.
ალტერნატიული ფორმა თეთრის ფერის იქნება.
ახალი ფორმით ბორჯღალოსნები პირველად 2017 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ სტარტზე, 11 თებერვალს, ბელგიაში ითამაშებენ.
დღევანდელ ღონისძიებაზე მოეწყო რაგბის კავშირის პირველი ოფიციალური ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაციაც. გულშემატკივრები ახალი კვართების, საქომაგო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ, ვებ-გვერდზე www.rugbystore.ge. ნაკრების მაისურის ღირებულება 249 ლარია.