ახალი ამბები

ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე პარლამენტში თავდაცვის და შს მინისტრის მოსვლის აუცილებლობა არ არსებობს

1 თებერვალი, 2017 • 25427
ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე პარლამენტში თავდაცვის და შს მინისტრის მოსვლის აუცილებლობა არ არსებობს

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პარლამენტში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის აუცილებლობა არ არსებობს.

დღეს საპარლამენტო უმცირესობამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა, სადაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მოუსმენენ.  თამარ ჩუგოშვილის  განცხადებით, ეს ჯანსაღი და ნორმალური პროცესია, მაგრამ ოპონირება, ალბათ, იმ თემებზე უნდა მიდიოდეს, რასაც მართლა შეიძლება ჰქონდეს საფუძველი და რაც მართლა კრიტიკას იმსახურებს. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მყოფ ქართველ სამხედროებზე შს სამინისტრო ბრიფინგის გამართვას აპირებს:

“როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს ბრიფინგის გამართვას და დეტალური ინფორმაციის წარმოდგენას საზოგადოებისთვის კონკრეტულ მონაცემებთან დაკავშირებით. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პირველ რიგში, ამ სამხედროების უსაფრთხოება იყოს დაცული და ამაზე მუშაობა მიდის. უფრო დეტალურ ინფორმაციაზე შს სამინისტრო გაავრცელებს განცხადებას.”

რაც შეეხება თავდაცვის სამინსიტროდან ადამიანების დათხოვნას, ვიცესპიკერის განცხადებით,   2017 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას და შემცირებას:

“ის პროცესი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს, მიმდინარეობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების და თანამშრომლობის გზით. ჩვენთან მუდმივად იყო კრიტიკის საგანი ის,  რომ თავდაცვის სფეროში ხარჯი, რომელიც ადამიანური რესურსის შენახვას ხმარდებოდა, იყო ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ტიპის ხარჯები, რასაც სამინისტრო უნდა წევდეს. ამ ხარჯების დაბალანსება იყო დიდი ხნის რეკომენდაცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის ნატოსი. რა თქმა უნდა, ოპტიმიზაცია და შემცირება ძალიან მტკივნეული  პროცესია, არ ვამბობ, რომ ვინმესთვის მარტივია. თუმცა ეს მტკივნეული ნაბიჯები სჭირდება მთლიანად ადმინისტრაციული რესურსის და ხარჯის  ოპტიმიზაციას და ასევე თავდაცვის სფეროს რეფორმას”.

დღეს, 1 თბერვალს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ მინისტრები პარლამენტში უნდა გამოცხადდნენ. მისი თქმით, თავდაცვის მინსიტრმა სამინისტროში განხორციელებულ ოპტიმიზაციაზე გაჩენილ კითხვებს უნდა უპასუხოს, ხოლო შს მინისტრმა- უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროების პერსონალური ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ კითხვებს.

“მათ ყველა კითხვას უნდა გასცენ პასუხი, ამისთვის არსებობს პარლამენტი, რომ მთავრობის წევრები ანგარიშვალდებული იყვნენ ხალხის მიერ არჩეული ორგანოს წინაშე. ეს არის უმწვავესი კითხვები, უმწვავესი საკითხები, რაც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. თუ გამოიკვეთა და დადასტურდა სახელმწიფო ღალატის ფაქტი, რაც ფაქტობრივად თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და მთავრობამ პასუხი უნდა აგოს,” – ამბობს კანდელაკი.

30 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად თავდაცვის სამინისტროდან 2090 თანამშრომელი დაითხოვეს. 

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოპტიმიზაცია შეეხო ძირითადად სამოქალაქო პირებს.

ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, როგორც სამოქალაქო ოფისში, ასევე, შეიარაღებულ ძალებში.
 
თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს, აცხადებს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი