ახალი ამბები

უმცირესობა პარლამენტში თავდაცვისა და შს მინისტრის მისვლას მოითხოვს

1 თებერვალი, 2017 • 1970
უმცირესობა პარლამენტში თავდაცვისა და შს მინისტრის მისვლას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს, სადაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მოუსმენენ. ამის შესახებ დღეს, 1 თებერვალს გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში “ქართული ოცნების” მთავრობამ  იმგვარი ნაბიჯები გადადგა, რაც ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

“ეს დაიწყო გაზპრომთან მავნებლური ხელშეკრულების დადებით, შემდეგ მთავრობამვე დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოკუპანტი სახელმწიფოსთვის გადაუცია ჩვენი დამსახურებული ოფიცრების, მებრძოლების პირადი მონაცემები, რაც საიდუმლოს წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მტრისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს შეიცავს სახელმწიფო ღალატის ნიშნებს”.

გიორგი კანდელაკი თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ოპტიმიზაციას ეხება და ამბობს, რომ ეს მავნებლური გადაწყვეტილება იყო:

” ათასობით ადამიანი დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. გასაგებია, რომ მწირი სამხედრო ბიუჯეტი შეიძლება საკმარისი არ იყოს მეხუთე ბრიგადის სრულფასოვნად შესანახად, მაგრამ ჩვენისთანა მდგომარეობაში არსებული ქვეყნისთვის, როცა ქვენის 20 პროცენტი ოკუპირებულია,  სამხედრო ხარჯების და შეიარაღებული ძალების რიცხვის შემცირება არის მცდარი გადაწყვეტილება და მავნებლური ნაბიჯი. ეს მაშინ, როცა ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი სავსეა ათასგვარი უსარგებლო პროგრამით, როგორიცაა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რაც 15 მილიონი ლარი ჯდება და სხვა.”

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” მოითხოვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას, სადაც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა  მინისტრები უნდა მივიდნენ:

“მათ ყველა კითხვას უნდა გასცენ პასუხი, ამისთვის არსებობს პარლამენტი, რომ მთავრობის წევრები ანგარიშვალდებული იყვნენ ხალხის მიერ არჩეული ორგანოს წინაშე. ეს არის უმწვავესი კითხვები, უმწვავესი საკითხები, რაც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. თუ გამოიკვეთა და დადასტურდა სახელმწიფო ღალატის ფაქტი, რაც ფაქტობრივად თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და მთავრობამ პასუხი უნდა აგოს”.

30 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად თავდაცვის სამინისტროდან 2090 თანამშრომელი დაითხოვეს. 

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოპტიმიზაცია შეეხო ძირითადად სამოქალაქო პირებს.

ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდა, როგორც სამოქალაქო ოფისში, ასევე, შეიარაღებულ ძალებში.
 
თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს, აცხადებს სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი