ახალი ამბები | ,

“მაცხოვრის ბიბლიურ ეკლესიას” მშენებლობისთვის რელიგიის სააგენტოს რეკომენდაცია აღარ დასჭირდება

1 თებერვალი, 2017 | | 1834
“მაცხოვრის ბიბლიურ ეკლესიას” მშენებლობისთვის რელიგიის სააგენტოს რეკომენდაცია აღარ დასჭირდება

2017 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ “მაცხოვრის ბიბლიური ეკლესიის” სარჩელი საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხზე დააკმაყოფილა.

“მაცხოვრის ბიბლიური ეკლესიის” ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იცავდა. ორგანიზაციის ცნობით, რელიგიურმა ორგანიზაციამ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით 2015 წელს მიმართა:

“ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არქიტექტურის სამსახურმა განმცხადებლისგან მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის წარდგენა მოითხოვა. თბილისის მერიამ არაუფლებამოსილი ორგანოსთვის არასავალდებულო დოკუმენტის მოთხოვნის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის არგაცემით  რელიგიური გაერთიანების უფლებები შეზღუდა”,- ნათქვამია განცხადებაში.

TDI მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტოს რეკომენდაციის მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში უკანონო დაბრკოლებას ქმნის და მასში ახალი, კანონით გაუთვალისწინებელი ბიუროკრატიული რგოლის გაჩენას იწვევს.

მოსარჩელე სასამართლოსგან ითხოვდა:

[checklist]

  • მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დავალებოდა განეხილა განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე;
  • ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც მხარე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა;
  • ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის დადგენის შესახებ.

[/checklist]

თბილისის საქალაქო სასამართლომ TDI-ის მიერ დაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილა.

“TDI მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით ამომწურავად არის რეგულირებული და ამ პროცესში რელიგიის საკითხთა სააგენტო არაუფლებამოსილი ორგანოა. ამასთან, მშენებლობის მიზანშეწონილობის შეფასება სააგენტოს მანდატსა და კომპეტენციას სცილდება. ამგვარი პრაქტიკა რელიგიური გაერთიანებისთვის დამატებით შეზღუდვების აწესებს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობის შეიძლება იყოს და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა მოახდინოს”,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი