ახალი ამბები

ვახტანგ ყოლბაია: მერე რა, რომ 25 წელია, რაც მთავრობაში ვარ? ამერიკაში 50 წელი არიან პარლამენტში

1 თებერვალი, 2017 • 3184
ვახტანგ ყოლბაია: მერე რა, რომ 25 წელია, რაც მთავრობაში ვარ? ამერიკაში 50 წელი არიან პარლამენტში

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მაღალჩინოსნები და მოძრაობა “აფხაზთა კრების” წევრი დევნილები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც დეპუტატები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თაობაზე ისმენენ ინფორმაციას.

“აფხაზთა კრების” წევრებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარ თავზე ზრუნვის გარდა არაფერს აკეთებს.  მალხაზ პატარაიამ სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის კულტურის მინისტრის, დიმიტრი ჯაიანის წიგნი წარმოადგინა და განაცხადა, რომ გამოცემა მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა:

“ეს არის წიგნი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტით გამოიცა და აფხაზეთის მთავრობის წევრია ავტორი. ჩრდილოეთ კორეასაც კი შეშურდება, ისე იქცევიან. ამაში ხარჯავენ დევნილთა ფულს და ხოტბას ასხამენ საკუთარ თავს. მათთვის რეკომენდაციების მიცემა ძალიან ძნელია. ისინი ერთიანად უნდა წავიდნენ.”

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, სხდომაზე მყოფი “აფხაზეთის კრების” წევრები  “ბალზე არიან  და ტყემალს ჭამენ” . მისი თქმით, წიგნი მთავრობას არ დაუფინანსებია:

“დიმა ჯაიანი სახალხო არტისტია, საქართველოში ცნობილი ადამიანია. მას ჰქონდა 65 წლის იუბილე და ამ სახალხო არტისტს, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს ლაურეატს წიგნი გამოუცეს. რა არის აქ უბედურება?  წიგნი აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტით არ დაფინანსებულა.  ისინი ტყემალზე სხედან და ბალს ჭამენ. თუ რამე სათქმელი აქვთ, მოვიდნენ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.”

ყოლბაია ამბობს, რომ სხდომაზე გამოთქმული შეფასება, რომ აფხაზეთის მთავრობის წევრები არაფერს აკეთებენ, არასწორი და ღვარძლიანია:

“ბრალდებებს ვერ გავიზიარებ. 20 პროცენტით გაიზარდა სოციალური შემწეობა. ის პროგრამები, რომლებიც ჩვენგან ფინანსირდება, არსად არ ფინანსირდება, არც ჯანდაცვის პროგრამით, არც სადაზღვევო პროგრამით. ეს ჩვენი ბიუეჯტიდან დაფინანსებული პროგრამებია. არასერიოზული მიდგომა აქვთ, არის არასწორი შეფასება, ღვარძლიანი შეფასება. მერე რა, რომ 25 წელია, რაც ვარ [აფხაზეთის მთავრობაში]? ამერიკაში 50 წელია პარლამენტის წევრები არიან, კაცო. ამ დემაგოგობას ვერ ავიტან,” – აღნიშნავს ყოლბაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი