როგორც კომისიაში განაცხადეს, იმ დარღვევისთვის, რომელიც ‘ტელეარხ 25’–თან დაკავშირებით დაფიქსირდა, პირველადი სანქცია სიტყვიერი გაფრთხილებაა:

“ყველა ტელეკომპანიას აქვს ვალდებულება, დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მედიაგამჭვირვალობის კანონიდან გამომდინარე, გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდზე და 10 დღის ვადაში წარმოადგინონ კომუნიკაციების კომისიაში, რაც არხმა დაგვიანებით განახორციელა. პირველადი სანქცია მხოლოდ გაფრთხილებაა, ხოლო თუკი სხვა დროსაც მოხდება დარღვევა, ფინანსური სანქციებიც არის გათვალისწინებული”, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა.

„ტელეარხი 25“-ის 50 პროცენტს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხიდან ლევან ქარდავა 2012 წლი 24 თებერვლიდან ფლობს, თუმცა არხის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა მერაბ მერკვილაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მხოლოდ ოქტომბრის თვეში დაწერა, რომ არხი გაყიდულია. ტელეარხის ვებ–გვერდზე დაგვიანებით აიტვირთა შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც ასევე დაგვიანებით მიეწოდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ხვალ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე შპს „სტერეო+“–ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზეც იმსჯელებენ.

საქმე ეხება “სტერეო+”–ის სიხშირული სპექტრის გამოყენებას “მე–9 არხის” მიერ. “პირველი სტერეოს” მეტრულ სიხშირეზე 8 ოქტომბერს ეთერში მეცხრე არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება გავიდა.

 

კომისიის ჯგუფმა “სტერეო +”–ის შემოწმება 2012 წლის 18 ოქტომბერს განახორციელა, აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით ხვალინდელ სხდომაზე კომისიის წევრებთან ერთად კომპანიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები იმსჯელებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *