ახალი ამბები

‘IDS ბორჯომი საქართველო’ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

25 ოქტომბერი, 2012 • 2188
‘IDS ბორჯომი საქართველო’ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

“კომპანია ‘აიდიეს ბორჯომი საქართველო’ მიიჩნევს, რომ საწარმოში არსებული ანაზღაურება და სარგებელი ადეკვატურია დღევანდელ დღეს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციისა. გარდა ამისა, ქარხნებში არსებობს ეგრეთ წოდებული მეცამეტე ხელფასი და სხვა წახალისებებისა თუ დახმარებების პროგრამები. წელს, მთელი წლის განმავლობაში, თანამშრომლებს უტარდებათ ტრეინინგები და გადამზადებები, რის შემდეგაც დაგეგმილია ორივე ჩამომსხმელ ქარხანაში ხელფასის საშუალოდ 25%-ით მატება. კომპანიის მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული 25%-იანი მატება N1 ქარხნის გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

კომპანია ვერ ჩაებმება პროცესში, რომელიც ზარალს მიაყენებს ბრენდს, მის იმიჯსა და რეპუტაციას, ასევე ვერ დაუშვებს „ბორჯომზე“ დეფიციტის ხელოვნურად შექმნის მცდელობებს. “აიდიეს ბორჯომი საქართველო” კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისგენ და იმედოვნებს, რომ ქარხანაში დაუყოვნებლივ აღდგება სამუშაო პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.

 

ბორჯომის #1 ქარხნის თანამშრომლები 23 ოქტომბერს გაიფიცნენ, ისინი ხელფასების 100%–ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ქარხანაში შეჩერებულია წარმოება და გადაზიდვები.

 

ბორჯომში ფუნქციონირებს #2 ქარხანაც, რომელიც ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი