მდინარაძე: მოსმენების გასაღები სსიპ-ში გადავა, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფარული მიყურადების შესახებ კანონის შეცვლაზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით, ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ სიპში განთავსდება.
 
მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნასთან. მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მონაწილეობას:
 
“პროექტში ჩადებულია უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენი საზოგადოება იქნება დაცული. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უპრეცედენტო მექანიზმებია შემოღებული, სასამართლო კონტროლს ემატება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და ამას ემატება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სააგენტო. ეს ყველაფერი გვაძლევს უპრეცენდენტო დაცულობის გარანტიას.”
 
დეპუტატის განმარტებით, აღნიშნული სსიპ-ის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს:
 
“მაღალი ლეგიტიმაცია ექნება იმ ადამიანს, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. მას პრემიერ-მინისტრი დანიშნავს კომისიის წარდგინებით. კომისიაში იქნებიან პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. “
 
მდინარაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა, რაც დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, არც  ერთ სახელმწიფოში განხორციელებულა:
 
“ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო. [არასამთავრობო ორგანიზაციების] პროექტი, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ ყოფილა და არც დღეს არის, არ შეიძლება მოწონებული იყოს, რადგან უსაფრთხოების ძალიან მწვავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, ჩვენ ამ ყველაფერს ადეკვატურად ვუპასუხეთ.”
პარლამეტში მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის  და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ დახურულ სხდომაზე მსჯელობენ.   სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაარიგა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ სსიპ-ში გადადის.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფარული მიყურადების ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ სსიპ-ში არ უნდა გადავიდეს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.