ახალი ამბები

რკინიგზის ადმინისტრაცია თანახმაა, განიხილოს ხელფასების სამომავლო მატება

24 ოქტომბერი, 2012 • 1100
რკინიგზის ადმინისტრაცია თანახმაა, განიხილოს ხელფასების სამომავლო მატება

რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებით, 2012 წლის განმავლობაში, „რკინიგზაში დასაქმებულთა სახელფასო რანგირების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის სახელფასო ფონდი 95 მილიონ 700 ათასი ლარიდან გაიზარდა 104 მილიონ 100 ათას ლარამდე მაშინ, როცა 2003 წელს სახელფასო ფონდი, ჯამში, 40 მილიონი ლარი იყო.

 

“საქართველოს რკინიგზისადმი წამოყენებულ იქნა მოთხოვნა, რომ ეს მატება არ არის საკმარისი და დაისვა მოთხოვნა, სახელფასო ფონდი გაიზარდოს კიდევ 11 მილიონ 800 ათასი ლარით პირველ ეტაპზე რკინიგზაში დასაქმებულთა მხოლოდ 40%-ისათვის. რაც შეეხება დანარჩენ 60%-ს,  მენეჯმენტს მიაჩნია, რომ სამართლიანობისა  და რანგირების პრინციპების გათვალისწსინებით არ უნდა დარჩნენ ამ ცვლილების მიღმა, რაც გამოიწვევს 32 მილიონ 300 ათასი ლარით სახელფასო ფონდის ზრდას. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ხელფასების სამომავლო მატება რკინიგზაში არა ნაწილობრივ, არამედ ყველა დასაქმებულის ინტერესებისა და კომპანიის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელი ლაშა ბლიაძე აცხადებს, რომ შეთანხმება რკინიგზის ადმინისტრაციასთან ამ დრომდე ვერ შედგა და პროფკავშირები მოლაპარაკებას ეკონომიკის ახალ მინისტრთან აპირებს. 

 

რაც შეეხება რკინიგზელთა მორიგ გაფიცვას, ბლიაძე განმარტავს, რომ გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში მორიგი გაფიცვის ორგანიზება კანონით იკრძალება:

 

„24 საათის განმავლობაში კი რაღაცაზე ალბათ ჩამოვყალიბდებით და შემდგომ ნაბიჯს რკინიგზის დასაქმებულებთან ერთად გადავდგამთ“.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს რკინიგზის სატვირთო მატარებლების თანამშრომლების ორსაათიანი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. რკინიგზელები ხელფასების მატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ზედმეტი სამუშაო საათების ანაზღაურებას და პროფკავშირული აქტიურობისთვის სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების აღდგენას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი