ახალი ამბები

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

28 იანვარი, 2017 • 1798
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) უმაღლესი წარმომადგენლები თბილისში ლაბორატორიის მუშაობის პროცესს გაეცნენ.

სამინისტროს ცნობით, DTRA-ს წარმომადგენლების შეხვედრის მიზანი მიმდინარე ,,ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის“ (CBEP) სტატუსის განსაზღვრა და საქართველოს მთავრობისათვის “გადმოცემის, შენახვისა და ექსპლუატაციის” პროცესის მექანიზმების განიხილვა იყო.

სამინისტრო ავრცელებს DTRA-ს  პროგრამის მენეჯერის, კრისტოფერ რაიანის კომენტარს: “საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში დაწყებულია პროცესი, რომელიც ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის გადმობარებას და დამოუკიდებლად განხორციელებას ეხება”.

სამინისტროს ცნობით, აშშ-ის მხარდაჭერით, ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა შეიქმნა. აღნიშნულ სისტემაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიები შედის.

საქართველოში „ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამა“  აშშ-სა და საქართველოს შორის 2002 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცველი აგენტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობების შექმნასა და შემდგომ გაძლიერებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი