ახალი ამბები

კალაძე ტელეფონის ნომრის გაყიდვის გამო “მაგთიკომს” ედავება

27 იანვარი, 2017 • 14617
კალაძე ტელეფონის ნომრის გაყიდვის გამო “მაგთიკომს” ედავება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “მაგთიკომს”  სააბონენტო ნომერს ედავება, რომელიც კომპანიამ უკვე გაყიდა.

კალაძე მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა და კომუნიკაციების კომისიას თხოვს დაავალოს შპს ,,მაგთიკომს“, დაუბრუნოს მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული სააბონენტო [ტელეფონის] ნომერი.

კომუნიკაციის კომისიაში შესული განცხადების თანახმად,  შპს ,,მაგთიკომის“ მიერ გაცემული სააბონენტო  ნომერი  ირიცხებოდა  კახა  კალაძის სახელზე 2013 წლის 4 ივნისიდან 2016 წლის 6 სექტემბრამდე.

განცხადების მიხედვით, კალაძის სააბონენტო ნომერი, კორპორატიული მომსახურების მიღების მიზნით, 2013 წლის 7 მაისს გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე, ხოლო 5 დღეში სააბონენტო ნომერი კვლავ გადაფორმდა ფიზიკურ პირზე, კახა კალაძეზე.

კომუნიკაციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც კალაძის განცხადებას ეხება, 2016 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუკავშირდნენ შპს „მაგთიკომიდან“ და აცნობეს, რომ კ. კალაძის სახელზე რეგისტრირებული ნომერი იყიდებოდა, “რაც დაუყოვნებლივ ეცნობა  კ.კალაძეს.”

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კალაძის მოთხოვნა, აღნიშნული სააბონენტო ნომერი არ გაყიდულიყო და მისთვის დაემზადებინათ ახალი სიმ ბარათი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელმა შპს ,,მაგთიკომიდან“ განხორციელებული ზარიდან დაახლოებით ერთ საათში აცნობა შპს „მაგთიკომს“, სადაც პასუხად უთხრეს, რომ კ.კალაძის სააბონენტო ნომერი უკვე გაყიდული იყო.

მაგთიკომი განმარტავს, რომ  წინასწარი გადახდის (მონო+) სისტემის ნომრის გაუქმება ხორციელდება ბოლო გადახდიდან, ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან  150 დღის შემდეგ. ხოლო ენერგეტიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი, როგორც მომხმარებლის უფლება.

კომუნიკაციების კომისიას მინისტრმა კალაძემ თავის პირად სააბონენტო ნომერთან დაკავშირებით 2016 წლის ნოემბრის  ბოლოს მიმართა. დეკემბერში კომისიამ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ.

ამ საქმეზე მტკიცებულებების წარდგენა და ზეპირი მოსმენა კი კომუნიკაციების კომისიაში 9 თებერვალსაა დაგეგმილი.

ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ შეძლო რამდენიმე საინტერესო დეტალის გამოკვლევა:

[checklist]

  • რატომ გადააფორმა მინისტრმა კახა კალაძემ საკუთარი ტელეფონის ნომერი 5 დღით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე.
  • ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები კახა კალაძის პირად სააბონენტო ნომერთან დაკავშირებით “მაგთიკომს” სამინისტროს სამუშაო საათებში უკავშირდებოდნენ თუ არა.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი