“ეს იყო რუსეთის სახელმწიფო დელეგაცია, რომელსაც მოყვებოდნენ ბიზნესმენები. დელეგაციის ჩამოსვლა შეთანხმებული იყო  პუტინთან. ეს იყო ის მცირე პერიოდი, როცა საქართველო–რუსეთის ურთიერთობები უმჯობესდებოდა. 2004 წლის გაზაფხული იყო, ვოლსკიმ  მითხრა – ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ვიზიტი არის და დელეგაციის ჩამოსვლა შეთანხმებულია პუტინთანო. ჩემი ჩამოსვლა კონკრეტულად არ იყო შეთანხმებული. მე იმიტომ დამირეკეს, რომ დელეგაციაში ვიღაცა დააკლდათ და უნდოდათ მეტი ხალხი წამოეყვანათ,” – აცხადებს ბენდუქიძე.

რაც შეეხება კახა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის საკითხს, ბენდუქიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ “მიშამ დაურეკა პუტინს და უთხრა, ეკონომიკის მინისტრობა ბენდუქიძეს მინდა შევთავაზოო, პუტინმა უთხრა, მეც მინდოდა მისთვის შემეთავაზებინა ეკონომიკის მინისტრობაო. ეგ იყო სულ. რატომ უნდა შეთანხმებულიყო პუტინთან ჩემი დანიშვნა? რას ლაპარაკობთ?! ეგ ავადმყოფ თავში დაებადა ამ ხალხს.”

ბენდუქიძე ამბობს, რომ მას “ახალი მემარჯვენეები”  მუდმივად რუსეთის ჯაშუშობას აბრალებდნენ: “მე ვიყო რუსეთის ჯაშუში და სხვები არ იყვნენ, სხვები ჩემზე ნაკლები რუსეთის ჯაშუშები იყვნენ, მაგაზეც თანახმა ვარ.”

 

2004 წელს საქართველოში კახა ბენდუქიძის  ჩამოსვლის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, მას ყოფილი ხელისუფლება რუსეთთან კავშირებში ადანაშაულებდა.

კახა ბენდუქიძე 2004 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. ბენდუქიძე 2004–2009 წლებში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ავტორი და განმახორციელებელია. ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ მან მთავრობის კანცელარიაში რეფორმების კოორდინაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მის გუნდს ეკუთვნის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რეგულაციებისაგან თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება. 2008 წლის 30 ინვრიდან 2009 წლის 7 თებერვლამდე ბენდუქიძე საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიას ხელმძღვანელობდა.

 

ლარისა ბურაკოვას წიგნის  „რატომ გამოუვიდა საქართველოს“ მეორე თავში – “ახალი ქვეყნის დაბადება” აღწერილია, თუ როგორ ჩამოვიდა გავლენიანი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე რუსეთიდან საქართველოში და როგორ გახდა ეკონომიკური განვითარების მინისტრი.   
                       

 

„2004 წლის თებერვალში მე გადავდექი ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტიდან. კიდევ მქონდა დარჩენილი საქმეები. თუმცა ყოველდღური გადაწყვეტილების მიღება აღარ მჭირდებოდა. უფრო დიდი ყურადღება დავუთმე ეკონომიკის უმაღლეს სკოლას. ვბჭობდი, რითი დავკავებულიყავი. ვგეგმავდი მაის–ივნისში საფრანგეთში, ესპანეთში გამგზავრებას და იქ სახლის შეთვალიერებას, ზღვისკენ ხედით. ამ დროს დამირეკა არკადი ვოლსკიმ (რუსეთის მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელი 1998–2005 წლებში), მეუბნება:  

 

“საჭიროა საქართველოში გამგზავრება. მე ვპასუხობ: სხვა გეგმები მაქვს. ის თავისას აგრძელებს: საჭიროა, ჩვენ უშენოდ როგორ? ყველა მივდივართ. სააკაშვილმა მიგვიწვია, პუტინი თანახმაა. ყველაფერი მზად არის, ჩვენ ჩარტერი შეკვეთილი გვაქვს. ძალიან გთხოვ, შენ გარეშე რაღაც უხერხულია“.

 

ბენდუქიძე იქვე ამბობს, რომ ამ დრომდე ის საქართველოში არ ჩადიოდა: „რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანაში არ იყო ელექტროენერგია. იყო წყლის პრობლემები. რაღაც ყველაფერი მოუწყობელი იყო… ნათესავები და მეგობრები ჩემთან ჩამოდიოდნენ“.

 

ლარისა ბურაკოვასთან საუბარში ბენდუქიძე ამბობს: „კარგი, ვიფიქრე, ჩავალ. თუმცა ქალაქი მტვრიანია და გზებიც საშინელ დღეშია. არც შუქი არ არის, მაგრამ ვგრძნობ, რაღაც შეიცვალა…“

 

“… შევხვდი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას. 4 საათი ვისაუბრეთ. განვიხილეთ, რაშია საქართველოს სპეციფიკა. მე ვუხსნი, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, უნდა იყოს უფრო გახსნილი. რეალურად შეუძლია გახდეს სავაჭრო ცენტრი. მისი ინდუსტრიზაცია იქნება რთული, მაგრამ ხელი არ უნდა შევუშალოთ“.

 

ბენდუქიძე ლარისა ბურაკოვასთან საუბარში იხსენებს: „ჟვანია მეკითხება: რას შემოგვთავაზებთ? მე ვპასუხობ, რომ ვურჩევ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც დროდადრო მათ რჩევებს მისცემს.ზურაბ ჟვანია ამბობს: თქვენ არ გინდათ გახდეთ მინისტრი? ვპასუხობ: არ მიფიქრია. ათი–თხუთმეტი წამის შემდეგ ვპასუხობ: მეც შემიძლია. ძალიან კარგი, ამბობს ჟვანია და პრეზიდენტთან მივდივართ”.

 

კახა ბენდუქიძის და მიხეილ სააკაშვილის საუბარი მთავრობის კანცელარიაში შედგა: „თვენახევარი მჭირდება იმისთვის, რომ მოსკოვში საქმეები დავამთავრო, სააკაშვილი ამბობს, რომ დღენახევარს ან ორ დღეს კიდევ გაიგებს. უკვე გვიანდება, საქმის კეთება უნდა დავიწყოთ,“  –  იხსენებს ბენდუქიძე.   

 

კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, 1980 წელს – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ასპირანტურა. 1985 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიას.

 

1988 წელს დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა. შექმნა კავშირი „ბიოპროცესი“. 1996 წელს შექმნა კომპანია, რომელიც მძიმე მანქანათმშენებლობის სექტორში საქმიანობდა. კახა ბენდუქიძე ამავდროულად იყო რუსეთის ფედერაციის მეწარმეთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტი. მან კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა 2004 წელს დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *