ახალი ამბები

ადვოკატთა ასოციაციამ ომბუდსმენობის კანდიდატად გელა ნიკოლაიშვილი წარადგინა

22 ოქტომბერი, 2012 •
ადვოკატთა ასოციაციამ ომბუდსმენობის კანდიდატად გელა ნიკოლაიშვილი წარადგინა

როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დირექტორი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, პარლამენტში წინადადება 29 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით შევიდა:

“სამოქალაქო საზოგადოების ქომაგი გელა ნიკოლაიშვილი, ჩვენი აზრით, სახალხო დამცველის ინსტიტუტში შექმნის ისეთ სისტემას, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გახდება ქმედითი, მოემსახურება ყველა ადამიანს, ვისაც დასჭირდება მისი დახმარება. სასჯელაღსრულების სისტემის ყველა ის თანამშრომელი, ვინც დღეს დაკავებულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, გელა ნიკაოლაიშვილი გაიგებს, ვინ აქცია ეს ადამიანები ჯალათებად, საიდან მოდიოდა ეს ბრძანება. გელა ნიკოლაიშვილი იქნება ის პირი, ვინც ამ ჯალათების საბრალდებო სკამზე დასმას მოითხოვს”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. მისი თქმით, ხელმოწერები გრძელდება და დღეს მოთხოვნას კიდევ ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია შემოუერთდა:

“მე არ ვამბობ, რომ გელა ნიკოლაიშვილი ვინმეზე უკეთესია ან ვინმეზე უარესი, მე ვამბობ, რომ თავისი ზნეობრივი მახასიათებლებით, თავისი პროფესიონალიზმით, თავისი 35–წლიანი გამოცდილებით უფლებადამცველის რანგში, მიმაჩნია, რომ გელა ნიკოლაიშვილი არის ყველაზე ძლიერი კანდიდატურა”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის პოზიციის დასაკავებლად რამდენიმე კანდიდატურაა წარდგენილი, მათ შორის იურისტი თამარ გურჩიანი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და 40–მდე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინეს, ასევე წარდგენილია ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია და ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ომბუდსმენობაზე არაოფიციალური შეთავაზება “ქართული ოცნებიდან” მიიღო “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ყოფილმა თანამშრომელმა ნინა ხატისკაცმაც.

ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს აირჩევს, რადგან ახალი სახალხო დამცველი პარლამენტმა ძველი ომბუდსმენის მიერ თანამდებობის დატოვებიდან ერთ თვეში უნდა აირჩიოს. გიორგი ტუღუშმა კი თანამდებობა 20 სექტემბერს დატოვა და სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი