ახალი ამბები

მაღაროელთა პროტესტის მეშვიდე დღე და სტუდენტების მიმართვა

22 ოქტომბერი, 2012 •
მაღაროელთა პროტესტის მეშვიდე დღე და სტუდენტების მიმართვა

მუშებს სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტურმა მოძრაობამ “ლაბორატორია 1918”. მოძრაობის წევრები უკვე რამდენიმე დღეა ჭიათურაში იმყოფებიან. მათ ჭიათურელი მუშების მხარდამჭერი ვიდეომიმართვა წუხელ გაავრცელეს. სტუდენტებმა მუშების მხარდამჭერი აქცია გამართეს გუშინ, 21 ოქტომბერსაც, ქუთაისში, პარლამენტთან, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე.

 

“დღეს ჩვენ ჭიათურაში ჩამოსვლისთანავე დავრწმუნდით, რომ მუშები არ აპირებენ გაჩერებას, ისინი მოითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას, საკუთარი მოთხოვნების ბოლომდე შესრულებამდე არ აპირებენ დაშლას. მათი მოთხოვნები არის ხელფასების მომატება, პირობების გაუმჯობესება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და გარდა ამისა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ასევე ხელმისაწვდომობა დასვენების, დასვენების დღეებში ანაზღაურება და ა.შ. მოგმართავთ ყველას საქართველოს მასშტაბით: მასწავლებლებს, სტუდენტებს, სხვა მუშებს, რომლებსაც ასევე ჰქონდათ მცდელობა სხვა ქალაქებში გაფიცულიყვნენ და მოეთხოვათ საკუთარი უფლებები ისევე, როგორც ჭიათურელმა მუშებმა გააკეთეს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ გაერთიანდნენ, ბრძოლამ მიიღოს ორგანიზებული წინააღმდეგობის სახე, მხოლოდ აქციებიდან უკვე გადავიდეთ რაღაც წინააღმდეგობამდე, მუშებმა თავად უნდა იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის. ამ უფლებებისთვის ბრძოლაში საჭიროა, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტი, დაწყებული სტუდენტებით, დამთავრებული უმუშევრებით, დავუდგეთ მხარში მუშებს ამ ბრძოლაში. ჩვენთვის ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. მუშების მარტო დატოვება ახლა იმ ადამიანებისთვის, ვინც გრძნობენ, რომ აქტიური სოლიდარობა არის გამოსახატავი ამ მუშების მიმართ, არის დანაშაული. მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდით სოლიდარობის აქციებს, შეუერთდით პროტესტს, რომელსაც გამოთქვამენ ჭიათურელი მუშები, შეუერთდით პროტესტს, რომელსაც გამოთქვამენ სხვა მუშები საქართველოს მასშტაბით, სოლიდარობა მუშებს!” – აცხადებენ “ლაბორატორია 1918″– ის წევრები.

 

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” აცხადებენ, რომ მუშების მოთხოვნა ხელფასების 100%–ით გაზრდასთან დაკავშირებით არარეალურია და დღეს, მარგანეცის მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასებიდან გამომდინარე, კომპანიას ამის რესურსი არ გააჩნია. “ჯორჯიან მანგანეზის” პოზიციით, კომპანიას მხოლოდ ხელფასების 10%–იანი გაზრდის რესურსი აქვს. აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმებიან კომპანიის ჭიათურელი თანამშრომლები. მათი ნაწილი ყოველდღიურად იკრიბება კომპანიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ჭიათურაში. საპროტესტო აქცია იმართება ჭიათურის ერთ–ერთ მაღაროში, მიწის ქვეშ. ისინი საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი