ახალი ამბები

კუბლაშვილი: 5 დეპუტატის გადაწყვეტილება არჩევნების მეორე დღესვე ცნობილი იყო ჩვენთვის

21 ოქტომბერი, 2012 • 1151
კუბლაშვილი: 5 დეპუტატის გადაწყვეტილება არჩევნების მეორე დღესვე ცნობილი იყო ჩვენთვის
პავლე კუბლაშვილის განცხადებით,”ნაციონალურ მოძრაობაში” მათი  გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არჩევნების მეორე დღესვე ჰქონდათ.

“ჩვენ მათი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გვაქვს არჩევნების მეორე დღიდანვე, ფაქტიურად. ეს მათი არჩევანია. როგორც ჩანს, მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი უმრავლესობის რიგებში და მათთან დაახლოების პირობებში. ბუნებრივია, მათ თავიანთი გადაწყვეტილება აქვთ”, – ამბობს კუბლაშვილი “ნეტგაზეთთან”.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი არანაირ გავლენას არ იქონიებს “ნაციონალურ მოძრაობაზე”.  

“მე ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გუნდი იქნება ერთიანი და მძლავრი, როგორც საპარლამენტო უმცირესობა. ჩვენ გაცილებით უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეგვიძლია საპარლამენტო პროცესებზე, ვიდრე რომელიმე საპარლამენტო უმცირესობას წლების მანძილზე შეეძლო”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 21 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ  ხუთმა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” უარი განაცხადა საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებაზე. ისინი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნებიან პარლამენტში. 

ეს დეპუტატები არიან – ხობის მაჟორიტარი გოდერძი ბუკია, დმანისის მაჟორიტარი – კახა ოქრიაშვილი, ლენტეხის – გოგი ლიპარტელიანი, ცაგერის- სერგო ხაბულიანი და ნინოწმინდის – ენზელ მკოიანი.

ხობის მაჟორიტარმა გოდერძი ბუკიამ, რომელიც პარლამენტარი “ნაციონალური მოძრაობიდან” გახდა, განაცხადა: “არ მინდა, რომ ვიყო პოლიტიკური შეზღუდვის ქვეშ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი