იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის თქმით კი, ის არ იცნობს ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული ვოვა არუთინოვის საქმის კონკრეტულ დეტალებს, თუმცა განმარტა, რომ გამორიცხული არ არის, ზოგიერთ პატიმარს უკანონოდ ჰქონდეს სამუდამო პატიმრობა მისჯილი.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს ცხრა წელია საქართველოში მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა, არ არის გამორიცხული, ზოგიერთი პატიმარი მართლაც იყოს უკანონო განაჩენის შედეგად მსჯავრდებული და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათი საქმე უნდა გადაიხედოს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2000 წლიდან დღემდე საქართველოში უვადო პატიმრობა სასამართლოებმა 111 ადამიანს მიუსაჯეს. მათ შორის 4 ქალია.
რაც შეეხება ვოვა არუთინოვს, ის 2005 წლის 20 ივლის დააკავეს. სამართალდამცავების ცნობით, 2005 წლის 10 მაისს ვოვა არუთინოვი ტერაქტის მოწყობით თბილისში ჩამოსული აშშ–ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მოკვლას აპირებდა. მისი დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის შედეგადაც დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ზურაბ ქვლივიძე.








