ახალი ამბები

გოგუაძე: სააპელაციოს განაჩენი სრულიად უსამართლო და მიუღებელია ჩვენთვის

26 იანვარი, 2017 • 3632
გოგუაძე: სააპელაციოს განაჩენი სრულიად უსამართლო და მიუღებელია ჩვენთვის

თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთი ლიდერი, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას უზენაეს და სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გოგუაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ნათია ბარბაქაძის მიერ გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული  სასამართლოს გადაწყვეტილება. მისი თქმით, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების სრული გამართლება და გათავისუფლება. გოგუაძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ შეასრულა მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთა, რის გამოც დაკავებულები დამნაშავეებად ცნო.

“მართალია, არა გაფლანგვის მუხლით და შვიდი წლის ვადით, არამედ წელიწადნახევრით, მაგრამ ესეც არის სრულიად უსამართლო და ჩვენთვის მიუღებელი გადაწყვეტილება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები სააპელაციო სასამართლოს განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში:

“ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე ბოლომდე მივყვებით სტრასბურგის სასამართლოში. სირცხვილია, როდესაც 21–ე საუკუნის საქართველოში ასეთი პოლიტიკური პროცესები მიდის და ადამიანები სრულიად უდანაშაულოდ, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სხედან ციხეში.”

ლევან სამუშია, ალექსი პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ. 26.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ლევან სამუშია, ალექსი პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ. 26.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ. სააპელაციო სასამართლომ  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკავლიფიცირა [სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილად] მათი ბრალი [გაფლანგვა], რამაც სასჯელის ოდენობის შემცირება გამოიწვია.

გადაკვალიფიცირებული მუხლით გამოდის, რომ მსჯავრდებულებს მოსახდელი აქვთ 1 წელი და 6 თვე [საიდანაც 1 წელი და 4 თვე უკვე მოხდილი აქვთ] ნაცვლად 7 წლისა, რასაც გაფლანგვა ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი