ახალი ამბები

ხიდაშელი “კაბელების საქმეზე”: სასამართლომ პროკურატურას ნამუსი მოსწმინდა, თუმცა უარი თქვა კანონის დაცვაზე

26 იანვარი, 2017 • 9466
ხიდაშელი “კაბელების საქმეზე”: სასამართლომ პროკურატურას ნამუსი მოსწმინდა, თუმცა უარი თქვა კანონის დაცვაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ხიდაშელი ფეისბუკზე წერს, რომ სასამართლომ, ერთი მხრივ, “ნამუსი მოსწმინდა” პროკურატურას, თუმცა, მეორე მხრივ, “უარი თქვა კანონის დაცვაზე”.

“კარგია, რომ კაბელების საქმის ბრალდებულები საპატიმროს 2 თვეში დატოვებენ! ცუდია:
  •  სასამართლომ ნამუსი მოსწმინდა პროკურატურას. ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენი და ფორმული პროცედურით თავიდან აიცილა ხანგრძლივი პატიმრობა;
  • სასამართლომ კიდევ ერთხელ უარი თქვა კანონის დაცვაზე. 332-ე მუხლისთვის აუცილებელი, სავალდებულო პირობაა “თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად”. ამ უმთავრესი პირობის დადასტურება ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო სასამართლომ. მიუხედავად ამისა, მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
  • არადა, როგორ სჭირდება ჩვენს სასამართლოს მცირედი გამბედაობა, რომ თავი დაიმკვიდროს, წელში გაიმართოს, ფუნქცია შეასრულოს. სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ. სააპელაციო სასამართლომ  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკავლიფიცირა [სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილად] მათი ბრალი [გაფლანგვა], რამაც სასჯელის ოდენობის შემცირება გამოიწვია.

გადაკვალიფიცირებული მუხლით გამოდის, რომ მსჯავრდებულებს მოსახდელი აქვთ 1 წელი და 6 თვე [საიდანაც 1 წელი და 4 თვე უკვე მოხდილი აქვთ] ნაცვლად 7 წლისა, რასაც გაფლანგვა ითვალისწინებდა.

მსჯავრდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქევშ მყოფები უდანაშაულონი არიან სამსახურეობრივი უფლებამსოილების ბოროტად გამოყენების ნაწილშიც და დავას ზემოდგომ ინსტანციაში გააგრძელებენ. ისინი არ გამორიცხავენ არც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი