ახალი ამბები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ‘პიკთან’ კონტრაქტები შეაჩერა

20 ოქტომბერი, 2012 •
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ‘პიკთან’ კონტრაქტები შეაჩერა

“უკანასკნელ ხანს სხვადასხვა მედიასაშუალებებით საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია მაუწყებლის მესამე არხთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი შეგნებულად იკავებდა თავს საჯარო კომენტარისგან, ვინაიდან იგი განუხრელად ასრულებდა
და ასრულებს თავის ყველა (მათ შორის ფინანსურ) ვალდებულებას კონტრაქტორი კომპანიის მიმართ.

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ტელეკომპანია „პიკის“ თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა თვითნებურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით. ამ გაუგებარ დემარშს დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე, რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა (იხ. გზავნილები ,,გლობქასტიდან“). შედეგად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები. 

განმარტებისათვის:

1. ტელეკომპანია „პიკთან“2012 წლის 13 იანვარს დადებული ხელშეკრულების (იხ. ხელშეკრულება) საფუძველზე სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევა და მისი მართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი არასანქცირებული აწევა ხელშეკრულების პირობის უხეში დარღვევაა.

2. ამავე ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაა ის კონტენტიც, რასაც ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის მაყურებელი. ამ კონტენტის გამოყენება ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ შიდასაწარმოო დავაში საკუთარი პრეტენზიების გამოსახატავად კატეგორიულად დაუშვებელია და ასევე ხელშეკრულების პირობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამ პრობლემების შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16 ოქტომბერს (იხ. წერილი 16.10) აცნობა კომპანიის მენეჯმენტს და გააფრთხილა, რომ ხელშეკრულების პირობების შემდგომი დარღვევა გამოიწვევდა ურთიერთობების გადახედვას. წერილის პასუხად 17 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელს მომართა ტელეკომპანია „პიკის“ გენერალურმა დირექტორმა (იხ.წერილი 17.10). წერილის თანახმად, იგი ვალდებულებას იღებდა, საქმის კურსში ჩაეყენებინა კომპანიის დამფუძნებლები. 18 ოქტომბერს (იხ. წერილი 18.10) მაუწყებელს ტელეკომპანია „პიკის“ გენერალურმა დირექტორმა მომართა თხოვნით, რომ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით შეჩერებულიყო მაუწყებელსა და „პიკს“ შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები.

 

მაუწყებელი წერილობით გამოეხმაურა (იხ. წერილი 18.10ა) ამ თხოვნას და ურთიერთობების შემდგომ გარკვევამდე შეაჩერა „პიკთან“ საქმიანი კონტაქტები. რაც შეეხება კომპანია ,,გლობქასტთან“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ურთიერთობას: ამ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობების შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 11 ოქტომბერს (იხ. ოქმი) და პარტნიორს იმავე დღეს ეცნობა ელექტრონული ფოსტით (იხ. „გზავნილი გლობქასტს”). 12 ოქტომბრიდან მაუწყებელმა შეწყვიტა სიგნალის აწევა შესაბამის სატელიტზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველი ის გახლდათ, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მაუწყებლის მესამე არხის სიგნალი დუბლირებულად იწეოდა „გლობქასტისა“ და
„თურქსატის“ სატელიტებზე. ეს უკანასკნელი მაუწყებელს ტესტირების რეჟიმში უფასო მომსახურებას უწევდა. მაუწყებელმა გამოიყენა საკუთარი ექსკლუზიური უფლება და მიიღო გადაწყვეტილება, ორი კონკურენტი კომპანიის მომსახურების პირობებიდან აერჩია მისთვის
უფრო ხელსაყრელი ვარიანტი.

აქვე ვეხმაურებით ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეტენზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის თითქოსდა გაუმჭვირვალობის შესახებ. ჩვენი საქმიანობის ამსახველი ყველა ანგარიში (მათ შორის ფინანსური) განთავსებულია მაუწყებლის ვებგვერდზე
(www.gpb.ge), იქვეა განთავსებული სამეურვეო საბჭოს სხდომების ამსახველი ყველა ვიდეოჩანაწერი და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა ინფორმაცია. მზად ვართ ყურადღებით მოვისმინოთ ყველა კონკრეტული პრეტენზია იმის შესახებ, თუ როდის, რა ვითარებაში და ვის ეთქვა უარი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, ასევე მზად ვართ ნებისმიერ დროს განხორციელდეს მაუწყებლის საქმიანობის როგორც სახელმწიფო, ისე დამოუკიდებელი, კერძო აუდიტი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი