ახალი ამბები

ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ[video]

19 ოქტომბერი, 2012 •
ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ[video]

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები გადასახადებს არ იხდიან და  პროდუქციას ბაზრობის წინ იაფად ყიდიან, რის გამოც მათ კლიენტურა აკლდებათ.

 

“უამრავ გადასახადებს ვიხდით. ეს ხალხი, რომელიც გარეთ დააჯინეს, არაფერს არ იხდიან. ქუჩაში, როგორც კატები და ძაღლები(ბოდიში მომითხოვია ამ სიტყვაზე), ისე დგანან. როგორ შეიძლება, რა ქალაქია ეს, თუ ასე სიბინძურეში ხალხი იცხოვრებს? ჩვენ ვიხდით, ისინი არაფერს არ იხდიან”, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ–ერთმა მოვაჭრემ მირანდა ენდელაძემ.

 

ბაზრობაზე მომუშავე ხალხი ქუთაისის მერიას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. მათი თქმით, მერიას როცა უნდა, მაშინ უკრძალავს გარემოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობას, როცა უნდა კი – ნებას რთავს.

 

ქუთაისის ახალი მერი, ბესო ბრეგაძე ამბობს, რომ ამ ადამიანთა პროტესტი მისაღებია.

 

“ყველა ვართ კანონმორჩილები და კანონის დამცველები. განსაკუთრებით ევალდებულება კანონის დაცვა ადგილობრივ თვითმმართველობებს და ამ შემთხვევაში, მერიას. ჩვენ ვალდებული ვართ და, შესაბამისად, მზად ვართ შევასრულოთ კანონის ყველა ნორმა და ყველა უკანონობა, მათ შორის უნებართვოდ მომუშავე გარემოვაჭრეების უფლებები იქნეს კანონის შესაბამისობასთან მოყვანილი”, – განაცხადა ქუთაისის მერმა. მისი თქმით, გარევაჭრობა ქუთაისში არასდროს არ ყოფილა ნებადართული.

 

ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მებურიშვილის თქმით, მისი სამსახური აქამდე ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების განხორციელებით იყო დაკავებული, ამიერიდან კი იზრუნებს გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებაზე.

 

ქუთაისში გარევაჭრობის პრობლემა უკვე წლებია არსებობს. ქალაქის ხელმძღვანელობა დროგამოშვებით გარემოვაჭრეებს უკრძალავს ქუჩაში მუშაობას, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათ მუშაობაში ხელს არ უშლის.

გარევაჭრობის დაშლა ქუთაისში. 2010 წელი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
გარევაჭრობის დაშლა ქუთაისში. 2010 წელი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი