ნეტგაზეთი | რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა ორდონიანი თვითმმართველობის შემოღების შესახებ რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა ორდონიანი თვითმმართველობის შემოღების შესახებ – Netgazeti
RU | GE  

რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა ორდონიანი თვითმმართველობის შემოღების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკურპარტია საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს  ორდონიანი თვითმმართველობის შემოღებას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება პარტიამ დღეს, 25 იანვარს გაავრცელა.

განცხადების თანახმად, თვითმმართველობის რეფორმა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო მრავალი წლის განმავლობაში.

“2012-2016 წწ. მოწვევის პარლამენტში განხილვისას მეორე დონის თვითმმართველობის შემოღების შეთავაზება ქვეყნის ღალატად შეაფასეს საქმეში ჩაუხედავმა ადამიანებმა ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც.

მერების და გამგებლების 50%-იანი ბარიერით პირდაპირი არჩევის გატანა იმ მოწვევის პარლამენტში წარმატება იყო, თუმცა პირველი დონის თვითმმართველობებს მწირი უფლებამოსილებები დარჩა, ამიტომაც შეგვრჩა ხალხის მიერ არჩეული „მშიერი“ თვითმმართველი ერთეულები და თანამდებობის პირები. მეორე დონის, ანუ სამხარეო თვითმმართველობა „რესპუბლიკელებს“ ჩაგვიგდო ფორმალურმა პარტნიორმა – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას სთავაზობს უფრო სრულყოფილი, ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას. პარტიის აზრით, სასურველია, სწორედ რეფორმირებული, ორდონიანი თვითმმართველობა აირჩეს 2017 წ. ოქტომბერში. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში, საარჩევნო კოდექსში, დედაქალაქის შესახებ კანონში და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს:

  1. თბილისის არსებული 50-კაციანი საკრებულო გადაიქცეს მეორე დონის თვითმმართველობის ორგანოდ;
  2. თბილისში შეიქმნას 25 პირველი დონის მუნიციპალიტეტი;
  3. იმ ტერიტორიების ფარგლებში, სადაც ამჟამად ცენტრიდან დანიშნულია რწმუნებული, შეიქმნას მეორე დონის, ანუ სამხარეო თვითმმართველობები(კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის). სამეგრელო-ზემო სვანეთს გამოეყოს მესტიის მუნიციპალიტეტი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს გამოეყოს ლენტეხის მუნიციპალიტეტი და ისინი გაერთიანდნენ- შესაბამისად, მივიღებთ სვანეთის, სამეგრელოს და რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო თვითმმართველობებს. მეორე დონის თვითმმართველობებში არჩეული სამხარეო საბჭოები შექმნიან სამხარეო აღმასრულებელ კომპაქტურ სტრუქტურებს. „გუბერნატორები“ აღარ იქნებიან. აილაგმება სუსის ჩარევა თვითმმართველობებში.
  4. პირველი დონის მუნიციპალურ და მეორე დონის სამხარეო თვითმმართველობებს შორის მიმართება იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც არის ბათუმის, შუახევის, ხულოს, ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. მეორე დონის სამხარეო თვითმმართველობა იქნება აჭარის უმაღლესი საბჭოს თანაზომადი ორგანო – გასაგებია, რომ თბილისის საკრებულო და მერია იქნება ყველაზე ძლიერი, ყველაზე მეტი უფლებამოსილებების მქონე სამხარეო, მეორე დონის თვითმმართველობა, ხოლო ყველაზე პატარა – სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო თვითმმართველობებს პირველ ეტაპზე მეტი მიხმარება დასჭირდებათ.
  5. როგორც პირველი, ისე მეორე დონის თვითმმართველობებს ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი.
  6. საქართველოს მთავრობამ იმთავითვე დაარღვია კოდექსის მოთხოვნა, სადაც ჩაიწერა, რომ საშემოსავლო გადასახადი ცენტრსა და მუნიციპალიტეტებს შორის უნდა გაყოფილიყო. ფაქტიურად, დღემდე ეს საკითხი მოუწესრიგებელია და ცენტრალური ხელისუფლება სხვადასხვა მანიპულაციის გზით არღვევს კანონს და ახრჩობს ისედაც მცირე უფლებამოსილებების მქონე მუნიციპალიტეტებს.
  7. უნდა შემუშავდეს ცენტრს, მეორე და პირველი დონის თვითმმართველობებს შორის გადასახადების გადანაწილების პრინციპი. სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში სხვადასხვა მოდელი მუშაობს. დასამუშავებელია, საშემოსავლო და მოგების გადასახადი როგორ და რა პროპორციით გადანაწილდეს ამ სამ დონეს შორის. ნაწილობრივ, აქაც გამოდგება აჭარის მაგალითი, რომელიც, ფაქტიურად, მეორე დონის თვითმმართველობაა. ქონების გადასახადი დარჩეს პირველი დონის თვითმმართველობას. სამსჯელო იქნება, რომელ თვითმმართველობაში დარჩება ესა თუ ის მოსაკრებელი.
  8. ხარჯების შემცირება არსებულ მუნიციპალიტეტებში შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. აიპ-ები და შპს-ები გასაცხრილია- აქტივისტთა ფსევდოდასაქმების ინსტიტუციები უნდა მოიშალოს. გამოთავისუფლებული ხარჯები დარჩეს ადგილებზე და რეფორმას მოხმარდეს.
  9. გაიზარდოს პირველი დონის თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა. პირველ რიგში, საქალაქო მუნიციპალიტეტების მიმართულებით. გამოიყოს რაიონული თვითმმართველობიდან ქალაქები – ხაშური, ქობულეთი, მარნეული, ახალქალაქი, ზესტაფონი, ჭიათურა, სენაკი….შესაძლოა სხვა ქალაქებიც, რომლებიც დააკმაყოფილებენ შემუშავებულ კრიტერიუმებს. გაგრძელდეს პროცესი გორში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში…. ამჟამად არსებული რაიონული თვითმმართველობები(ზუგდიდის, გორის, ოზურგეთის, თელავის…) დაიყოს თითეული რამდენიმე მუნიციპალიტეტად. ანუ გადაიდგას ეტაპობრივი ნაბიჯები პირველი დონის მუნიციპალიტეტების გასაზრდელად.

 

რაც შეეხება არჩევის წესს, პარტიის განცხადების თანახმად, ჯობია, რომ მეორე დონის, ანუ სამხარეო თვითმმართველობა აირჩეს მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით( რასაც რეგიონულ-პროპორციულსაც ეძახიან და პარლამენტის არჩევის წესადაა წარდგენილი პარლამენტში). რამდენიმე ათეული წევრი თითეულ სამხარეო საბჭოში – სამხარეო თვითმმართველობაში ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით.

“აჭარის უმაღლესი საბჭო 21 ადამიანის შემადგენლობით არჩეულია შერეული სისტემით. სამომავლოდ იქაც მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემა აჯობებს.

თბილისის 50-კაციანი საკრებულოც მეორე დონის თვითმმართველობაა. აჯობებს, მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით აირჩეს, მაგ. 3 – 4 მრავალმანდატიან ოლქში. თუ ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგი იქნება არჩევის ასეთი წესის, შესაძლებელია კომპრომისი – მოქმედი სისტემის მინიმალური მოდიფიკაცია. 25 მაჟორიტარი აირჩეს 50 %-იანი ბარიერით, როგორც ეს ხდება პარლამენტის მაჟორიტარების, მერების და გამგებლების არჩევისას. მით უმეტეს, რომ თბილისის საკრებულოს 25 მაჟორიტარი აირჩევა თითქმის იმდენივე ამომრჩევლის მიერ, რამდენითაც აირჩა 22 მაჟორიტარი თბილისიდან პარლამენტში 2016 წელს.

პირველი დონის ბევრ თვითმმართველობაში 30-ზე მეტი წევრია და ბევრი ანაზღაურებადი თანამდებობის პირია. შესაძლებელია რაოდენობის შეზღუდვა 25 წევრით, როგორც ეს დიდ თვითმმართველ ქალაქებშია(ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი), სიით არჩეული 15 წევრი და 10 მაჟორიტარი. ესეც კომპრომისია, თორემ 25-კაციანი თვითმმართველობა ჯობია, რომ მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით ირჩეოდეს. ამ გზით გამოთავისუფლებული ხარჯებიც რეფორმას მოხმარდება- უპირველეს ყოვლისა, ადგილზე გაჩნდება დამატებითი ფინანსები.

გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებულების ნაცვლად, აირჩევა 10 რწმუნებული(მამასახლისი), რომელსაც 1-2 თანაშემწეც ეყოლება.

თბილისში ახალი, 25 პირველი დონის მუნიციპალიტეტში (მუხიანი, მთაწმინდა, დიდი დიღომი, ორხევი-ლილო, ჩუღურეთი, თემქა, ვარკეთილი, ვაკე, დოლიძე-ხილიანი-პეკინი და ა.შ.) აირჩევა 11-13 წევრი, სასურველია, მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით. (მაჟორიტარული არჩევნები არ ივარგებს, რადგან ძალიან პატარა გამოვა საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი, სულ ორიოდე საარჩევნო უბანი, რამდენიმე ათასი ამომრჩევლით).

თბილისის თითეული მუნიციპალური საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს გამგებელს. დედაქალაქის მერის მიერ დანიშნული 10 გამგებლის თანამდებობა გაუქმდება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ ინიციატივების ფარგლებში რესპუბლიკური პარტია ამზადებს კანონპროექტთა პაკეტს, რასაც პარლამენტს წარუდგენს.

” საკონსტიტუციო კომისია და შემდეგ პარლამენტი თუ მოხსნიან ტაბუს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას, ქვეყანა ამით მხოლოდ მოიგებს.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.