ახალი ამბები

სოფელ ჭიაურში მიწისძვრის შემდეგ სასწავლო პროცესი ჩაშლილია [VIDEO]

19 ოქტომბერი, 2012 •
სოფელ ჭიაურში მიწისძვრის შემდეგ სასწავლო პროცესი ჩაშლილია [VIDEO]

დილის 11 საათი. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არც ერთი მოსწავლე არ იმყოფება. სკოლა დაკეტილია. მედიასთან სასაუბროდ სკოლის დირექტორის მოადგილე მოდის და სკოლაში გვიშვებს. 

 

14 ოქტომბერს მომხდარმა 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ საქართველოში, რომლის ეპიცენტრი სწორედ სოფელი ჭიაური იყო, ყველაზე მეტად სკოლის მეორე სართულზე მდებარე საკლასო ოთახები და სამასწავლებლო დააზიანა. კედლების ნაწილი დახეთქილია, იატაკი დაწეული და ჭერიდან ჩამოსული ბათქაში ავეჯზე და იატაკზე ისევ ყრია.

 

 

 

ნათელა ყოჩიაშვილი ამბობს, რომ სკოლაში სწავლის პროცესის გასაგრძელებლად ექსპერტიზის წერილობით დასკვნას ელოდებიან.

 

“ისინი ამ საქმეში უფრო კომპეტენტურები არიან. თუ იტყვიან, რომ შეიძლება სწავლის გაგრძელება, მაშინ გავაგრძელებთ,”- ამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე.

 

ექსპერტიზის ნებისმიერი დასკვნის დადების შემთხვევაში, მშობლები შვილების სოფლის სკოლაში გაშვებას არ აპირებენ. 

 

“ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს, ექსპერტი გამიცოცხლებს? არც ერთ შემთხვევაში არ გავუშვებ. ისეთ მდგომარეობაშია სკოლა, მიწისძვრის გარეშეც რამე ჩამოინგრევა,”- ამბობს შორენა ხახიშვილი.

 

ორშაბათიდან შვილების სკოლაში გაშვებაზე უარს სხვა მშობლებიც აცხადებენ. 

 

“გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ან ახალი სკოლა აგვიშენონ, ან ტრანსპორტი დანიშნონ, რომ მეზობელ სკოლაში იარონ ბავშვებმა,”- ამბობს მშობელი, შორენა მაქასერაშვილი. 

 

მეზობელი სოფლის სკოლა ჭიაურიდან ფეხით დაახლოებით ნახევარი საათის სავალშია. 

 

ის, რომ სოფლის სკოლა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა, ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს მიერ   დადებული დასკვნითაც ჩანს, რომელიც სოფელში დღეს, 19 ოქტომბერს ჩაიტანეს. თუმცა ამავე დასკვნაში წერია, რომ მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება შეუძლიათ. 

 

“წინა საუკუნეში სკოლის შენობა თავიდანვე სეისმური ნორმების დარღვევით აშენდა. საჭიროა დამატებით სამაგრი კვანძების გაძლიერება. …ტენიკური მდგომარეობა დამაკმყოფილებელია, თუმცა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. ამ ეტაპზე ვარგისია შემდგომი ექსპლუატაციისთვის, თუმცა მომავალში აუცილებელია შენობის მთლიანი გაძლიერება და სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით მოქმედ სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა…” – წერია დასკვნაში.

 

სოფელ ჭიაურის სკოლა 1967 წელს აშენდა. ამის შემდეგ სკოლაში რემონტი არ ჩატარებულა. ერთადერთი სიახლე სკოლაში მეტალო -პლასტმასის კარ-ფანჯარაა, რომელიც შარშან დაამონტაჟეს. 

 

“რამდენიმე წელია ადგილობრივი გამგეობისგან უშედეგოდ ვითხოვთ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. თუმცა განათლების სამინისტროში საყვედური გამოგვიცხადეს, აქამდე რატომ არ მოგვმართეთ განცხადებითო”- ამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე ნათელა ყოჩიაშვილი. 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა 2005 წლიდან დაიწყო. თუმცა ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 2082 საჯარო სკოლიდან წლევანდელ სასწავლო წელს მხოლოდ 527 სკოლა შეხვდა რეაბილიტირებული. 

 

არჩევნებდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო პროგრამაში – “მეტი სარგებელი ხალხს” მითითებული იყო, რომ 2016 წლისთვის ეტაპობრივად 150 ახალი სკოლა აშენდებოდა, 1724 – სრულად იქნებოდა რეაბილიტირებული და 300 მომავლის კლასი გაიხსნებოდა. როგორი იქნება ახალი მთავრობის პოლიტიკა საჯარო სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უცნობია.

 

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი