ირმა ინაშვილის განცხადებით, ციხის კადრების გავრცელება მთლიანად “ობიექტივის” ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოხდა. ინაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც გლდანის მერვე საპყრობილის პატიმრების წამების ამსახველი კადრების გამავრცელებელი, მხოლოდ ერთი წყაროა, იმ სამი წყაროდან, რომელიც “ობიექტივს” ციხის საქმეზე მუშაობაში ეხმარებოდა.
ინაშვილის თქმით, ერთ–ერთი წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, ისინი ვინც სისტემას განუდგნენ და სწორედ, მათ უსაფრთხოებისთვის ამბობდა ინაშვილი, რომ კადრები ვანო მერაბიშვილთან დაახლოვებულმა პირმა მიაწოდა. მეორე წყაროდ ინაშვილი ვლადიმერ ბედუკაძეს ასახელებს, ხოლო მესამე წყარო, ინაშვილის განცხადებით გიორგი ლომია, დავით აკობია და ბორის ფარულავაარიან, რომელთა უშუალო ორგანიზებით მოხდა კარანტინის დაშლის ამსახველი კადრების გადაღება.
გიორგი ლომია ერთ–ერთია ვინც ობიექტივთან თანამშრომლობდა, ციხის კადრების გავრცელებას იგი სპეცოპერაციას უწოდებს, რომელიც ბორის ფარულავას გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ბორის ფარულავა ციხის თანამშრომელია, რომელიც ამ დროისთვის საპყრობილეში იმყოფება.
“ყველაფერი იგეგმებოდა ამ შენობის კედლებში, ყველაფრის დამგეგმავი და ორგანიზატორი იყო “წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარე” დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი” –აცხადებს ლომია.
გიორგი ლომიას განცხადების მიხედვით, ციხის შესახებ გამოძიება შემდეგი სცენარით დაიგეგმა. გიორგი ლომიამ, რომელიც ყოფილი პატიმარია და იცნობს ბორის ფარულავას, რომელიც კარანტინში მუშაობდა, ერთად დაგეგმეს კარანტინის დაშლის გადაღება, თუმცა აღნიშნული გადაღება ჩაიშალა, რადგან ფარულავა ადმინისტრაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ლომია თხოვს ფარულავას შეახვედროს ციხის იმ თანამშრომლებს, რომელიც ციხეში არსებული რეჟმით უკმაყოფილოა. შეხვედრა რესტორანში შედგა და გადაწყდა, რომ მათ დახმარებას დავით აკობია გაუწევს.
” მე და დავითს, გვქონდა საუბარი თუ როგორ უნდა მოგვეპოვებინა ის ციხის ამსახველი კადრები. დავით აკობია აღმოჩნდ კარანტინში დაშლის დროს, როცა იქ იყო მოსული დეპარტამენტის უფროსი გაგა მკურნალიძე, ასევე დავით ხუჭუა. დავით აკობიამ გადაიღო ფარული კამერით ეს კადრები”.
ირმა ინაშვილის თქმითვე ვლადიმერ ბედუკაძე არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ ვინ მართავდა სქემას და ბედუკაძემ ინაშვილი პირველად ბრიუსელში ნახა.
ინაშვილის განცხადებით “მეცხე არხს” და “მაესტროს” კადრები, მათი “ობიექტივთან” შედარებით დიდი დაფარვის გამო გადაეცათ გასავრცელებლად.
