ახალი ამბებისამართალი

მშობელი ბაღის აღმზრდელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს

25 იანვარი, 2017 • 2855
მშობელი ბაღის აღმზრდელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს

3 წლის ბავშვის დედა ოლეკო ც. თბილისის ერთ–ერთი ბაგა–ბაღის აღმზრდელს თამუნა მ.–ს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს. მშობლის თქმით, ბავშვს სახეზე სისხლჩაქცევები და ნაკაწრები აღენიშნება, ხოლო მისი შვილი აღმზრდელს ადებს ხელს.

“გუშინ, 5 საათზე, როცა ბავშვი წამოვიყვანე ბაღიდან, მასწავლებელმა თვითონ მითხრა, ერთი წუთით არ წახვიდეთო. ნახეთ, ბავშვს ყურები აქვს დალურჯებულიო. რომ შევხედე, ბავშვს ჰქონდა სისხლჩაქცევები, ნაკაწრები და ცემის კვალი ლოყაზე. მასწავლებლის წინ შევეკითხე ჩემს შვილს: ნიკუშა, აბა, რომელმა ბაიამ დაგარტყა ხელი-მეთქი. ბავშვმა მიპასუხა, რომ ბაიამ კიარა, თამუნა მასწავლებელმა დამარტყაო. პირდაპირ უთხრა მასწავლებელს, რომ თქვენ დამარტყითო. თვითონ ბავშვმა დაადო მასწავლებელს ხელი,” – განუცხადა ნეტგაზეთს ბავშვის დედამ.

როგორც მშობელი ამბობს, სახლში მისვლისას კიდევ ერთხელ ჰკითხა ბავშვს, თუ ვინ დაარტყა მას: “იმეორებს, თამუნა მასწავლებელმა მცემაო.”

ბავშვის დედამ საპატრულო პოლიციაც გამოიძახა, რის შემდეგაც შსს–მ ის განყოფილებაში განცხადების დასაწერად დაიბარა: “რა თქმა უნდა, პოლიციასაც მივმართე, გამოვიძახე პატრული და ახლა მივდივარ ამ ყველაფრის დასაწერად.”

ნეტგაზეთი თბილისის ბაგა–ბაღების სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ დღეს დილით გაიგეს ეს ამბავი და საქმეზე მოკვლევა მათმა მონიტორინგის სამსახურმა უკვე დაიწყო. როგორც სააგენტოს გარე კომუნიკაციების მენეჯერმა განგვიცხადა, ბაგა–ბაღის ადმინისტრაცია უკვე დაბარებულია სააგენტოში და დამატებით კომენტარის გაკეთება დეტალების დაზუსტების შემდეგ შეეძლებათ.

UPDATE: თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, აღმზრდელის მიერ ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაწყებულია, ხოლო ბაღის აღმზრდელსა და მის თანაშემწეს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება:

“მომხდარის დეტალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური დილიდან ადგილზე არკვევს. საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მ.–ს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბ.–ს.”

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებით, ძალადობის ამ და სხვა ნებისმიერი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გატარდება უმკაცრესი დისციპლინური ღონისძიებები.

ბავშვები, ბავშვზე ძალადობა © Walt Stoneburner / Flickr (Creative Commons)

ბავშვები, ბავშვზე ძალადობა © Walt Stoneburner / Flickr (Creative Commons)

მასალების გადაბეჭდვის წესი