ახალი ამბები

ბათუმში ნავთობის მილი გასკდა

18 ოქტომბერი, 2012 •
ბათუმში ნავთობის მილი გასკდა

„ღამით, გვიან საათებში ვიგრძენით სუნი, დილით რომ ავდექით, უკვე დავინახეთ, რომ მილი იყო დაზიანებული და იღვრებოდა ნავთობი. სანამ საავარიოში დავრეკეთ და მოვიდნენ, რამდენიმე საათი გავიდა. ამასობაში ეს ნავთობი იღვრებოდა ჩემს ეზო-კარში. წლობით დარგული ხეხილი დამიზიანდა. ისეთი ძალით მოდიოდა შხეფები, რომ მეორე მხარესაც გადასულია,“ – აცხადებს დაზარალებული მიმოზა ცხომელიძე. 

 

 

დაღვრილი ნავთობის ამოტუმბვის სამუშაოებს ბათუმის ნავთობტერმინალი  ატარებს. ადგილზე იმყოფებიან აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს  თანამშრომლები. ერთ-ერთ მოსახლესა და გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენელს, ნოდარ კონცელიძეს შორის დაპირისპირებაც მოხდა. ბარცხანის მცხოვრები ამტკიცებდა, რომ ნავთობი იქვე გამავალი არხით ზღვაში ჩაიღვარა. ნოდარ კონცელიძე კი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა. 

 

 

 

 „ამ ეტაპისთვის  სამუშაოები სრულდება.  გრუნტი, რომელშიც მოხდა ნავთობის გაჟონვა, მოჭრილია, დარჩენილია მცირე ადგლი და ესეც უახლოეს საათებში მოიჭრება. ზღვას და წყალსატევს ზიანი არ მიდგომია. თუმცა არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ლაბორატორიული კვლევების შედეგად, თუკი იქნება ზიანის ფაქტი დადგენილი, გატარდეს ადმინისტრაციული ზომები,“  – განაცხადა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსმა ნოდარ კონცელიძემ. 

 

 

მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბათუმის ნავთობტერმინალის წარმომადგენელმაც. მისი თქმით, „არც ზღვაში და არც მდინარეში ნავთობი არ ჩაღვრილა და ამჟამად დაღვრის ადგილი გაწმენდილია: „ზიანი რაც მიადგა მოსახლეობას, კომპანია აუცილებლად აუნაზღაურებს. რა ოდენობის ნავთობი დაიღვარა, ამის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ გვაქვს,“- განაცხადა ბათუმის ნავთობტერმინალის ეკოლოგიური განყოფილების უფროსმა თენგიზ გორდელაძემ.   

 

 

 

 

წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნავთობტერმინალის მილის დაზიანებას ნავთობის დაღვრა მოჰყვა. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ცენტრალური ნავთობდამჭერიდან მდინარე ბარცხანაში ავარიულად ჩაიღვარა ნავთობი. ჩაღვრის  პროცესი დაახლოებით 1.5 საათს გრძელდებოდა. სულ მდინარეში  ჩაიღვარა 340 ლიტრამდე ნავთობი. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კი 75 000 ლარი შეადგინა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რაეგირებისათვის გაიგზავნა სასამართლოში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი