ახალი ამბები

მალხაზ ოსაძე: ‘ქიბარ ხალვაშის ‘არტი ჯგუფი’ ბაჩო ახალაიას დავალებით დაწვეს’

18 ოქტომბერი, 2012 • 2244
მალხაზ ოსაძე: ‘ქიბარ ხალვაშის ‘არტი ჯგუფი’ ბაჩო ახალაიას დავალებით დაწვეს’

არტი ჯგუფი–ხანძარი
არტი ჯგუფი–ხანძარი

“რამდენიმე დღით ადრე შევხვდი ბაჩო ახალაიას. მან განმიცხადა, რომ შემეხვედრებინა ქიბარ ხალვაშთან. თუ შეხვდრის ორგანიზებას ვერ შევძლებდი, ის დამემუქრა. ორი დღის შემდეგ მოხდა “არტი ჯგუფის” დაწვა”, – აღნიშნა ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანია “არტი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა მალხაზ ოსაძემ “ინტერპრესნიუსში” გამართულ ბრიფინგზე. 

მისივე თმით, უშუალოდ ქიბარ ხალვაშისთვის კომაპნიების ჩამორთმევაში მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც მას პირადად შეხვდა და ქიბარ ხალვაშისგან 17 მილიონი ლარის გადმოცემა მოითხოვა.

“ასევე ჩემი ხელით გადავიხადე 7,5 მილიონი ლარი ქიბარ ხალვაშის ძმის გირაოს სანაცვლოდ. ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების გირაო 10 მილიონი ლარიც ქიბარ ხალვაშის გადაახდევინეს”– 
ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებული კომპანიები “არტი”, “პრიზა”, “ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი”, “ლიბო გრუპი” განაგრძობენ ბრძოლას სამართლებრივი გზით.

“ამ ეტაპზე კომპანიების განცხადებები იხილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. თუმცა, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. არ არის ასევე დასრულებული სისხლის სამართლის საქმე  ქიბარ ხალვაშის და მისი პარტნიორების წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ  2007 წელს აღიძრა”, – განაცხადა  ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სარიამ “ინტერპრესნიუსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისი თქმით, 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა და ახალმა რეალობამ გააჩინა იმის იმედი, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში შესაძლებელი იქნება გადაიხედოს პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული საქართველოს სასამართლოების მიერ და რომელთა საფუძველზეც წარმატებულ კომპანიებს ჩამოერთვათ ქონება და აღარ მიეცათ ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელების საშუალება.

ადვოკატი პაატა სარია გამოთქვამს იმედს, რომ ქიბარ ხალვაშის კომპანიები მფლობელს დაუბრუნდება. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

“ის ასევე დაიწყებს ბრძოლას რუსთავი 2-ის დასაბრუნებლად”, – განაცხადა სარიამ.

ადვოკატის თქმით, ზემოთ აღნიშნული კომპანიები პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონების მიღებისთანავე მიმართავენ სამართალ ორგანოებს და მოითხოვენ უკანონდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას.

“ქიბარ ხალვაშმა და მისი პარტნიორების კომპანიებმა ამ ეტაპზე  წერილობით მიმართეს იმ საწარმოებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთაც გადაეცათ ზემოთ აღნიშნული კომპანიების ქონება. ქიბარ ხალვასის კუთვნილი კომპანიები ძირითადად სახელმწიფომ წაიღო. აღნიშნულ საკითხზე ვაპირებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას მივმართოთ”, – განაცხადა ადვოკატმა სარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი