ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, გია ცერცვაძის გათავისუფლების მოთხოვნით უკრაინის პრეზიდენტს მიმართა

24 იანვარი, 2017 • 2756
სააკაშვილის თქმით, გია ცერცვაძის გათავისუფლების მოთხოვნით უკრაინის პრეზიდენტს მიმართა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ გია ცერცვაძის და სხვა მებრძოლების პირადი ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა. ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გია ცერცვაძე საქართველოს ნამდვილი გმირია:

“ის იბრძოდა აფხაზეთში, მერე მთლი ცხოვრება მსახურობდა ჩვენს ძალოვან სტრუქტურაში, იბრძოდა 2008 წლის ომში და როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო,  ასეულობით ქართველთან ერთად ჩამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობდა უკრაინაში. ”

მისივე განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს კატეგორიული მოთხოვნით მიმართა, რომ გია ცერცვაძე გაათავისუფლოს:

“საქართველოს ხელისუფლებამ ამ მებრძოლის, ისევე როგორც სხვა მებრძოლების, პირადი ინფორმაცია გადასცა რუსეთის სპეცსამსახურებს. ბოლო სამი დღე დათო ლორთქიფანიძე ეკონტაქტება უკრაინის გენერაულ პროკურორს, იმედი მაქვს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი პოზიტიურად გადაწყდება, თუმცა სირცხვილია, რომ ის ამდენი დღეა ციხეში.

დღეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კატეგორიული მოთხოვნით მივმართე [გია ცერცვაძე გაათავისუფლოს]. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძველი უკრაინული ტრადიცია არსებობს, რომ მტერს არ გადასცემ შენს მოყვარეს. ეს ეწინააღმდეგება უკრაინის ტრადიციებს, უკრაინის კანონებს და საღ აზრს. მე ვფიქრობ, ეს საკითხი გადაწყდება,” – აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე აზრით, ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ათვალწუნებული ჰყავს:

“არასწორია საკითხის დასმა, რომ გია ცერცვაძე შეიძლება რუსეთს გადაეცეს. მე ამისთვის უკრაინის ხელისუფლებასაც ვაკრიტიკებ. ეს უკრაინელების განწყობას ეწინააღმდეგება. ბიძინა ივანიშვილს ათვალწუნებული ჰყავს აქ მებრძოლები, ბევრ მათგანზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ბევრი მათგანი ვერ ბრუნდება საქართველოში და ახლა პირდაპირ დაჭერას ვერ ბედავენ და რუსებს აძლევენ მასალებს, მერე ამათ უშვებენ, რომ რომელიმე ქვეყანამ დაიჭიროს. ეს სპეციალურად კეთდება, რომ თავის თავზე არ აიღონ პასუხისმგებლობა.”

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცმები რუსეთს საქართველომ გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი