ახალი ამბები

კონსულტაციები გამოცდების სისტემის ფორმირებაზე

17 ოქტომბერი, 2012 •
კონსულტაციები  გამოცდების სისტემის  ფორმირებაზე

“აქ რამდენიმე კრიტერიუმია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ის, რომ მოსწავლეებს ძალიან არ გავურთულოთ ცხოვრება, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და პირველივე დღეს, როდესაც ოფიციალურად დაინიშნება მინისტრი, ამაზე განცხადება გაკეთდება. გამოსაშვები გამოცდები რომ რაღაც ფორმით უნდა შენარჩუნდეს, ამას წყალი არ გაუვა, საუბარი სხვა რამეზეა, თუ როდის უნდა ჩატარდეს საატესტატო გამოცდბი, ამასთან დაკავშირებით მიდის მოსაზრებების გაზიარება”

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად მოსწავლეები საატესტატო გამოცდებსაც აბარებენ. 2012 წელს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები 8+1 მოდელით ჩააბარებდნენ გამოცდებს – ერთიანი ეროვნული გამოცდები გაუქმდებოდა და მოსწავლეები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებდნენ.

 

მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაია მიმინოშვილი წარადგინა, მიმინოშვილმა საკუთარ “Facebook”-ის გვერდზე დაწერა, რომ პირველი მოსაზრება, რასაც იგი განათლების მინისტრობის კანდიდატს გაუზიარებს, იქნება ის, რომ აბიტურიენტებმა არა საატესტატო, არამედ ერთიანი ეროვნული გამოცდები  ჩააბარონ. 

 

მიმინოშვილის არგუმენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების საატესტატო გამოცდებით ჩანაცვლების  გადაწყვეტილების მოუმზადებლობას უკავშირდება. იგი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება მოსწავლეებს ნოემბერსა და დეკემბერში გამოუცხადო – როგორი იქნება საგამოცდო სისტემა.

 

“ამიტომაც, მე ვფიქრობ, სანამ საგამოცდო სისტემა მიიღებს საბოლოო ფორმას, თუ როგორი სისტემა  გვინდა და როგორიც იქნებოდა კარგი, მანამდე ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც წლების განმავლობაში მუშაობდა და რისთვისაც აბიტურიენტებიც მზად არიან.”

 

განათლების მომავალმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “მთავარ კითხვაში” განაცხადა, რომ ის პერიოდი, რაც საატესტატო გამოცდები ტარდებოდა, მცირეა მისი ეფექტურობის ერთმნიშვნელოვნად შესაფასებლად, თუმცა მისი პოზიცია ცალსახაა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით:

 

“ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩემი გადმოსახედიდან იყო ერთმნიშვნელოვნად წარმატებული. რატომ უნდა გაუქმდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, მე ამის არგუმენტს საერთოდ ვერ ვხედავ. ვერც იმას ვიგებდი, რას საუბრობდა ამ თემასთან დაკავშირებით ბტონი შაშკინი”.

 

მარგველაშვილის თქმით,  ეს არის უაღრესად სასწრააფო საკითხი, რადგან მოსწავლეებმა უახლოეს პერიოდში უნდა გაიგონ, რა სისტემაში არიან, რომ მოემზადონ და იცოდნენ, რას სთხოვს მათ სახელმწიფო. 

 

განათლების მინისტრის პოსტზე 16 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი წარადგინა. გიორგი მარგველაშვილი  ამ თანამდებობაზე  წარდგენამდე ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის[GIPA] რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი