“იმედის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა დღისთვის რაც ერთად ვიმუშავეთ. წარმატებები ვუსურვო ყველა ახალ პროექტს! არხს და ყველა თანამშრომელს რომელიც იმედზე რჩება! ჩემს მაყურებელს კი მადლობა იმისთვის რომ იყო ჩემთან ერთად! მე მივიღე გადაწყვეტილება არხიდან წავიდე. ეს მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილებაა. შეიძლება დავარქვათ მორალური ვალდებულებაც! მე ყოველთვის გამეხარდება ამ არხის წარმატება”– წერს ჟორჟოლინი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” პატარკაციშვილების დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება ოჯახმა გუშინ გააკეთა. პატარკაციშვილების ოჯახი დღეს “იმედში” მივიდა. ოჯახის განცხადებით, გადაბარების პროცესი დაწყებულია, თუმცა არხის ფორმატთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებებს ვერ გააკეთებს.
უფრო ადრე გავრცელდა განცხადება, რომ “იმედი” ფორმატს იცვლის და მხოლოდ საინფორმაციო გადაცემები გავიდოდა არხზე, თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანი თავისსავე გვერდზე წერდა, რომ ბიზნესვალდებულებების გამო ჩაწერილი გადაცემები მაინც გავიდოდა ეთერში და “ნანუკას შოუ” დეკემბრამდე ეთერში იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, 2007 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმის დეტალების განსახილველად ნანუკა ჟორჟოლიანის ქმარი ერეკლე კოდუა ლონდონში ჩავიდა და არკადი პატარკაციშვილს შეხვდა, სადაც კოდუას კონკრეტული დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზების გეგმის ჩათვლით განისაზღვრა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმადვე, სანაცვლოდ კოდუამ პატარკაციშვილისგან ფინანსური და პოლიტიკური გარანტიები მიიღო, საუბარი კი ერეკლე კოდუამ ფარულად ჩაიწერა.
შემდეგში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი დაედო საფუძვლად ბადრი პატარკაციშვილისა და ვალერი გელბახიანის ბრალდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე.
მაშინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა რეკომენდაციითაც მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს იმის გამო, რომ არ მოხდეს დაუშვებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვალერი გელბახიანის ბრალდება, კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი არ დაედოს საფუძვლად ვალერი გელბახიანის საბრალდებო დასკვნას.
ერეკლე კოდუა ბოლო დრომდე კრიმინალური პოლიციის უფროსად მუშაობდა.