ბათუმში ამ წუთებში ნავსადგურის ტერიტორიიდან ფერიის მთამდე ბაგირი გაჰყავთ ვერტმფრენის საშუალებით.
სამკილომეტრიანი საბაგირო გზით ბათუმის ნავსადგურთან მდებარე საბაგირო გზის სადგური ფერიის მთაზე მდებარე გასართობ კომპლექს „არგოს” უნდა დაუკავშირდეს. ამ ადგილას რამდენიმე თვის წინ „დიდების ობელისკი” იდგა.
საბაგირო გზის მშენებლობას ავსტრიული კომპანია „დობერმაიერი“აწარმოებს“. პროექტს კი კომპანია „ჰესტოკ ბათუმი” ახორციელებს. კომპანიამ საბაგირო გზის მშენებლობის ვალდებულება 2009 წლის 29 ივლისს აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით აიღო. როგორც კომპანია „ჰესტოკ ბათუმის” წარმომადგენელი რომან ფუტკარაძე ამბობს, სამუშაოები საბაგირო გზის გასამართად ბათუმში 15 დღის მანძილზე გაგრძელდება.
2009 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. სანაცვლოდ, აჭარის მთავრობამ „ჰესტოკ ბათუმს“ 16 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება 1 ლარად გადასცა. გარდა აღნიშნული პირობისა, კომპანიას ამ ხელშეკრულების ფარგლებში, „არგოდან“ 1000 მეტრით დაშორებულ პატარა მთაზე ეკლესიაც უნდა აეშენებინა. მშენებლობის ღირებულება არანაკლებ 2 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. ეს ვალდებულება სახელმწიფომ ფერიის მთაზე დაწყებული ეკლესიის საძირკვლის დანგრევის სანაცვლოდ აიღო, რასაც 2007 წელს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
„ბათუმელები” საბაგირო გზის გაყვანის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.