ახალი ამბები

რატომ უნდა შეიცვალოს აჭარის ტელევიზიის სტატუსი სასწრაფოდ

17 ოქტომბერი, 2012 •
რატომ უნდა შეიცვალოს აჭარის ტელევიზიის სტატუსი სასწრაფოდ

აჭარის ტელევიზიის სტატუსი სასწრაფოდ, 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე უნდა შეიცვალოს“ –  ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია  „დემოკრატიის ინსტიტუტმა“  დღეს გამართულ  ბრიფინგზე გააკეთა.  იურისტ არჩილ ხახუტაიშვილის განცხადებით, მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მიზნობრივი კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს აჭარის ტელევიზიის რეგიონულ მაუწყებლად გადაკეთებას.   

 

„ჩვენი პოზიციას არის იგივე.  თუმცა მანამდე აუცილებელია, ძალიან მალე შევიდეს ცვლილება მაუწყებელთა კანონში, რომელიც უფლებას მისცემს აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომ თვითონ გადაწყვიტოს ტელევიზიის სტატუსის საკითხი, ან თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება“ – აცხადებს იურისტი.  

 

არჩილ ხახუტაიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ აჭარას გააჩნია ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი,  მას შეიძლება ჰქონდეს რეგიონული ტელევიზია: „სამომავლოდ მაინც ფედერალური მოწყობის სახელმწიფო უნდა გახდეს საქართველო, ამიტომ  აჭარისთვის რეგიონალური ტელევიზიის არსებობა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს და შეიძლება გააჩნდეს საკუთარი მაუწყებელი“. 

 

იურისტის განცხადებით, ტელევიზიის სტატუსის საკითხის გააქტიურება მომავალი წლის საბიუჯეტო პროცედურებმა განაპირობა:  „ჩვენი ინიციატივაა, რომ 2012 წლის ნოემბრამდე მოხდეს მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ დილემის წინაშე აღმოვჩნდებით და ის ადამიანები, რომლებიც დღემდე აცხადებდნენ, რომ  ამ ფორმით აჭარის ტელევიზიის დაფინანსება არის უკანონო, თვითონ აუწევენ ხელს ამ ფორმით ტელევიზიის დაფინანსებას, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იქნება. სტატუსის საკითხი 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე უნდა გადაწყდეს“. 

 

აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ბიუჯეტი დაახლოებით 6,8 მილიონი ლარია.

 

აჭარის ტელევიზია 1987 წელს დაარსდა. ტელევიზია თანამგზავრით მაუწყებლობს. ტელევიზიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათავის აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში 213 თანამშრომელი მუშაობს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი