ახალი ამბები

მთავრობამ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის მომზადებული პაკეტი დაამტკიცა

24 იანვარი, 2017 • 3586
მთავრობამ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის მომზადებული პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის მომზადდა. პროცედურულად საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება დასამტკიცებლად.

ევროსაბჭოს კონვენცია “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” სტამბოლში 2011 წელს მიიღეს.   თუკი პარლამენტი სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს დაამტკიცებს, დაისჯება ადევნება, სტერილიზაციის იძულება, შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად სასამართლო აღარ იქნება საჭირო და ამ მხრივ პოლიციის უფლებამოსილება გაიზრდება; მასწავლებლები ვალდებულები იქნებიან, რომ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტის შესახებ და ა.შ. კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და კონვენციის რატიფიცირება ამ დრომდე ჭიანურდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტისგან ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება ბოლოს 2016 წლის 5 დეკემბერს მოითხოვეს. ამ დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე.  რა შეიცვლება აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღებით, ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი