ახალი ამბები

საპროცედურო კომიტეტმა პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა

23 იანვარი, 2017 • 2986
საპროცედურო კომიტეტმა პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა

დღეს, 23 იანვარს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის შექმნას.

კომიტეტზე წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იქნება, ხოლო მისი მოადგილე- სალომე სამადაშვილი. ფრაქციის წევრები ასევე იქნებიან თინა ბოკუჩავა, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.

კომიტეტი საკუთარ დადებით დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს და თუ ბიუროს განსხვავებული მოსაზრება არ ექნება, ფრაქციის შექმნას ცნობად მიიღებს და რეგისტრირებულად შეიქმნება.  კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, თუ ბიუროს განსხვავებული მოსაზრებები ექნება, ის  არგუმენტებს დაასახელებს და უარს იტყვის ფრაქციის რეგისტრაციაზე:

“თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ბიურო ეთანხმება ჩვენი კომიტეტის დასკვნას,” – აღნიშნავს კახიანი.

პოლიტიკური პლატფორმის თანახმად, ფრაქციის ძირითადი მიმართულებია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მხარდაჭერა; ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფა; გადასახადების შემცირება; ბიუროკრატიის შემცირება; ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა; საშემოსავლო გადასახადის შემცირება 10 %-მდე; კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, ლიბერალური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობა  და სხვა.

სხდომაზე წარდგენილი დოკუმენტების თანახმად,  “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიიდან  დავით ბაქრაძე, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, გიორგი კანდელაკი, ლელა ქებურია, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილ, მამუკა ჩიქოვანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლაშა დამენია, ხათუნა გოგორიშვილი, თენგიზ გუნავა, ზაზა კედელაშვილი, გიგი წერეთელი და გიორგი ღვიანიაშვილი გარიცხა. პარტიის წევრის სტატუსთან ერთად მათ პარტიაში დაკავებული თანამდებობრივი უფლებამოსილებებიც შეუწყდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი