აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის, ბ ქვეპუნქტისა და 33 მუხლის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ბრძანებულება ამოქმედდება საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.
27–ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ მოქალაქეობის მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილსა და მის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის შემოდგომაზე შეუწყვიტეს, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ 2011 წლის 26 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა. მან კანონიერად მიიჩნია მოქალაქეობის ჩამორთმევა ბიძინა ივანიშვილისთვის, ეკატერინე ხვედელიძისთვის კი – უკანონოდ.
ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 იანვარს პრეზიდენტს მიმართა მოთხოვნით, ნატურალიზაციის გზით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.
თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 2012 წლის 4 აპრილს ბიძინა ივანიშვილს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღინიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობა 2011 წლის 5 იანვარს არასწორად მოითხოვა.
”საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას: 1. ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები; 2. ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.
მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში,” – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ აპრილში გავრცელებულ განცხადებაში.ბიძინა ივანშვილის ქართული პასპორტის ქსეროასლი