“რაც შეეხება კომპანია ПИК-ს, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შეკვეთას ასრულებს, მინდა ავღნიშნო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება “საზოგადოებრივ მაუწყებელს” პირნათლად შესრულებული აქვს. რაც შეეხება სატელიტზე გასვლას, ეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პრეროგატივაა – თავის კონტენტს, რომელ სატელიტზე განათავსებს. ჩვენ ამ ეტაპზე ჩავთვალეთ სხვა სატელიტურ მაუწყებლებთან გვქონოდა მოლაპარაკება. არც ეს არ არის ამ კომპანიის გადასაწყვეტი, რომელ სატელიტთან გააფორმებს თუ არ გააფორმებს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ხელშეკრულებას”.
ტელეკომპანია ПИК-ის ეთერით გავიდა სიუჟეტი, სადაც აღნიშნულია, რომ არხის გენერალური დირექტორის, ალექსანდრე ფარულავას განცხადებით, “პირველი კავკასიური” 2012 წლის ბოლომდე იმაუწყებლებს. არხის საინფორმაციოს უფროსის ეკატერინე კოტრიკაძის განმარტებით, ამ განცხადების მიუხედავად, მისთვის ბუნდოვანია იმაუწყებლებს თუ არა არხი 2012 წლის ბოლომდე:
“ჩემთვისაც და მთელი კოლექტივისთვისაც ეს საკითხი ბუნდოვანია, იმიტომ რომ არ ვიცით არხის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. 2013 წლიდან ახალი ბიუჯეტი დამტკიცდება და ახალი თანხები ექნება ან არ ექნება არხს, როგორც პარლამენტი გადაწყვეტს. ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ პრობლემა გვაქვს წლის ბოლომდე არხის დადასტურებულ მუშაობასთან”.
“პირველ კავკასიურთან” დაკავშირებით პრობლემები პარასკევს, 12 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც არხი სატელიტიდან გაითიშა. ПИК რუსულენოვანი არხია, რომლის მთავარი აუდიტორია პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები რუსულენოვანი ადამიანები არიან:
“რეიტინგების მიხედვით რუსეთია პირველი, ჩვენი აუდიტორია ძირითადად გვიყურებს სატელიტის მეშვეობით, ჩვენთვის მოულოდნელად არხი სატელიტიდან გაითიშა, რის შესახებაც მაყურებლებისგან გავიგეთ, როდესაც გადავამოწეთ და აღმოჩნდა, რომ არხი სატელიტიდან გათიშეს, რისი ბერკეტიც მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. რადგან ПИК-ი საზ. მაუწყებლის გადაცემით მაუწყებლობს სატელიტზე”.
“პირველი კავკასიური” ამ დროისთვის სატელიტზე მაუწყებლობს, გუშინ საღამოს არხმა საკუთარი თეფშით აწია პიკის სიგნალი სატელიტზე, თუმცა ეკატერინე კოტრიკაძის განცხადებით, ამ შესაძლებლობის გრძელვადიანად უზრუნველყოფა შეუძლებელია.
კოტრიკაძის თქმითვე, სიგნალის გათიშვის შესახებ ერთადერთი, რაც მოისმინეს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით გასული გია ჭანტურიას კომენტარია, სადაც ჭანტურია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრეროგატივაა თავის კონტენტს, რომელ სტელიტზე განათავსებს.
კოტრიკაძის თქმით, არხის მომავლის ბუნდოვანება გახდა საბაბი, რომ პროტესტის ნიშნად, გუშინ მდუმარე საინფორმაციო გამოშვება გასულიყო “პიკის” ეთერით:
“ჩვენ ვთვლით, რომ ტელეკომპანია “პიკი”, რომელიც იურიდიულად გამართულია და შინაარსობრივად დამოუკიდებელი, ამიტომ არხი უნდა არსებობდეს და მოვიფიქრეთ პროტესტის ორიგინალური ფორმა”.
კოტრიკაძის თქმითვე, “პირველმა კავკასიურმა” საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე ვალდებულებები პირნათლად შეასრულა და არხს ფინანსური დარღვევები არ აქვს.
“ნეტგაზეთმა” ლევან გახელაძესთან, გიორგი ჭაბტურიასთან და ალექსანდრე ფარულავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ერთმა მათგანმა არ უპასუხა. კოტრიკაძის თქმით, არც თავად და არც საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს ფარულავასგან კონკრეტული განმარტებები არ მოუსმენიათ.