“ამოცანა არის, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად იყოს უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სტანდარტული პაკეტით, რაც არ არის ყოვლისმომცველი. შესაძლებელია, დიდ ნაწილს დაჭირდეს ზევით მომსახურეობა, ასეთ დროს ასპარეზზე გამოდიან კერძო სადაზღვეოები”, – განაცხადა სერგეენკომ.
მომავალი მინისტრის განცხადებით, კოალიცია “ქართული ოცნების” გეგმის ქვაკუთხედს ერთიანი სადაზღვევო ფონდის შექმნა წარმოადგენს, რომლის კომპეტენციაში შევა უმუშევრობის კომპენსაციაზე, ხანდაზმულობის პენსიაზე მუშაობა:
“ციფრების დასახელება ზუსტად შეუძლებელია, ამას გარდამავალი ბიუჯეტის ზუსტი ცოდნა და ახალი ბიუჯეტის დაგეგმვა ჭირდება”.
სერგეენკოს თქმითვე, წინაასარჩევნო დაპირებების შესრულებაზე მუშაობა 2013 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება, თუმცა მანამდეც იგეგმება, გნსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარება, თუმცა მომავალი მინისტრის განცხადებით, ფორმატი ჯერ შეთანხმებული არაა.
“მოხდება ჯანდაცვის ხარისხის გაზრდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა შრომის კოდექსში და მოხდება პენსიებისა და დახმარებების საკითხების გადახედვა. შრომის კოდექსის რედაქტირება დაქირავებულის სასარგებლოდ არის ჩვენი პრიორიტეტი, დამქირავებელი არ უნდა იყოს აბსულუტურად შეუზღუდავი. ბუნებრივია, დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობა ორმხრივია, მაგრამ შემზღუდავი ფაქტორის საფუძველი უნდა იყოს შრომის კოდექსი,”- აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.
სერგეენკომ კომენტარი ჯანდაცვის მინისტრობის ყოფილ კანდიდატის – ამირან გამყრელიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ დრამატული ცვლილება არ მომხდარა, ვინაიდან ამირან გამყრელიძე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იქნება და ის გუნდის წევრად რჩება.
შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრობაზე უარი დღეს განაცხადა და ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა:
“უკანასკნელ დღეებში რამდენიმეჯერ მქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინასთან (ბოლოს გუშინ) და მივიღე გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვა შემოთავაზებულ თანამდებობაზე, რათა არ ვიყო ბარიერი ჩემი ოჯახის მომავალი თაობის განვითარების გზაზე, ოჯახის, რომლის რეპუტაცია არასოდეს შელახულა და დარწმუნებული ვარ, არც შეილახება”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ბიძინა ივანიშვილმა ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად 8 ოქტომბერს წარადგინა.