“ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ჰესის მშენებლობაა დაწყებული, რა თქმა უნდა, ყველაფერი დასრულდება, ეს არის მცირე და საშუალო ჰესები, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჩვენ არ გვინდა ერთი საქმის გაკეთებით მეორე დავაზიანოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ჩვენთვის. ჩვენ ასევე დავიწყებთ კონსულტაციებს უცხოელებთან, თქვენ მოგეხსენებათ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მზის ენერგია, ასევე ქარის ენერგია. კი, ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ევროპაში ეს უკვე ძალიან მიღებულია და ჩვენც დავიწყებთ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჩვენს უცხოელ კოლეგებთან”, – აცხადებს კალაძე.
მისივე თქმით, აუცილებლად გადაიხედება გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების საკითხიც:
“ტარიფებზე აუცილებლად იქნება საუბარი გაზის კომპანიებითან, ენერგოკომპანიებთან, ნავთობის კომპანიებთან. ჩვენ აუცილებლად გავივლით კონსულტაციებს და ამის შემდეგ ყველასთვის გახდება ცნობილი, თუ რამდენად შესაძლებელია ტარიფების დაწევა და რამდენით შეიძლება დაიწიოს ტარიფებმა ყველა ამ სფეროში”.
კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ახალი სფეროა ენერგეტიკა:
“მე შეიძლება დიდი გამოცდილება არ მქონდეს ამ სფეროში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნდობა, რომელიც ჩემმა გუნდმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინა ჩემს მიმართ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს იმედები არ გავუცრუო და ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის”.





